
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
რა მდგომარეობაა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ბავშვთა ჯანმრთელობასა და მათ აღზრდა-განვითარებაზე, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (იუნისეფი) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვესაუბრება.
„იუნისეფისთვის ყოველი დღე პირველი ივნისია, – ამბობს მაია ქურციკიძე, – თუმცა, პირველ ივნისს ვცდილობთ, რომ განსაკუთრებით გავამახვილოთ გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ.
ყოველ წელს კონკრეტულ თემას ვირჩევთ. წლევანდელი თემაა – საქართველოში ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებების დანერგვა-გაძლიერება. აუცილებელია არსებობდეს ოჯახის გაძლიერების სპეციალური პროგრამები.
ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მშობლები შვილებზე უნდა ზრუნავდნენ, მათ კარგ განათლებას აძლევდნენ, სხვადასხვა უნარების განვითარებაში ხელს უწყობდნენ. ამისთვის მშობელსაც სჭირდება განათლება.
მშობლობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა და ამას გამოცდილება, ცოდნა სჭირდება. საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახების მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება მშობლებს, გაუმკლავდნენ სოციალურ-ეკონომიკურ თუ ოჯახში არსებულ სხვა პრობლემებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.
მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის გაძლიერებისთვის საჭირო პროგრამები და მომსახურებები მუნიციპალიტეტების დონეზე არსებობდეს.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო, ადგილობრივ თვითმმართველობებს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნას ავალდებულებს. თვითმმართველობები ყველაზე ახლოს არიან მოსახლეობასთან და ოჯახების საჭიროებები მათ უკეთ იციან. მნიშვნელოვანია ძლიერი სოცმუშაკები, რომლებმაც უნდა მოიკვლიონ მოწყვლადი ოჯახები, მათი პრობლემები და ბავშვებს დროულად დაეხმარონ.
ოჯახის გაძლიერება რამდენიმე მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს – ერთია ოჯახში ძალადობის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებები და მეორე – ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, რადგან სიღარიბე არ უნდა გახდეს ბავშვის ოჯახიდან გაყვანის მიზეზი.
ცალკე უნდა არსებობდეს პოზიტიური მშობლობის პროგრამა, ფსიქიკური ან მავნე ჩვევების მქონე მშობელთა დახმარების პროგრამა, საცხოვრისთან დაკავშირებული, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები. ბავშვებისთვის აუცილებელია ფსიქოლოგიური დახმარების, ჯანდაცვის თუ სხვა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებას.
ამ და სხვა გამოწვევების წინაშე არიან დღეს ოჯახები საქართველოში და ამიტომ მნიშნელოვანია, სახელმწიფო დაეხმაროს ოჯახებს, რადგან სხვაგვარად ვერ შევძლებთ ბავშვი განვითარდეს, თუ მის გვერდით ძლიერი ოჯახი არაა.
ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ მათ მოგვარებაზე.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის