ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის მასწავლებელს 28 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის გამო სკოლა დღეიდან, 31 მაისიდან, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ხათუნა კუპატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ჭიათურაში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან (2020 წლის 14 აპრილი) დღემდე სულ 2 225 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 2 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. დღეისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 87 პირი იმყოფება.

„ამჟამად ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია, – ამბობს ხათუნა კუპატაძე, – დღეს, 31 მაისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ყველას პირბადის სწორად ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვისკენ მოვუწოდებთ“.