„მსოფლიოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა თანდათან იკლებს. საქართველოშიც მსგავსი ვითარებაა.

ჩვენთანაც ეპიდვითარება დამშვიდებისკენ მიდის. მცირდება ინციდენტობის მაჩვენებელი. 31 მაისის მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე დადებითობის მაჩვენებელი 2.95 არის. ეს კარგი დინამიკაა, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში სულ 138 914 აცრაა ჩატარებული, ოთხი სახის ვაქცინით. აქედან ყველაზე მეტი წილი ასტრა ზენეკაზე მოდის.

ექვსი დღეა, რაც ვაქცინაციის პროცესი სინოვაკით მიმდინარეობს და ამ ვაქცინით სულ 5 233 ადამიანი აიცრა.

საქართველოში ივლისის დასაწყისში 0,5 მლნ დოზა სინოფარმი შემოვა; ასევე, – კოვაქს პლატფორმის საშუალებით, 900 ათასი დოზა ნოვოვაქსი და ჯონსონ ჯონსონი.

საქართველოს მოსახლეობას ივლისშივე ექნება ფაიზერით აცრის შესაძლებლობაც, რადგან მილიონი დოზა უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. ივლისიდან დღეში 15 ათასი აცრა უნდა გაკეთდეს. სწორედ ვაქცინაცია იქნება ის ბერკეტი, რომელიც პანდემიას წერტილს დაუსვამს.

„თუ ჩვენ გვინდა კორონავირუსის მაჩვენებლების ზრდა არ გვქონდეს, ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა დავიცვათ ხუთი რეკომენდაცია:

  1. პირბადე ყველგან;
  2. დიდი თავშეყრების მინიმიზაცია;
  3. დისტანცია;
  4. სანიტარული წესრიგის დაცვა და
  5. ვაქცინაციის ინტენსივობის გაზრდა.

ამ რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვის შემდეგ, დარწმუნებული იყავით, ზაფხულს მშვიდად გავივლით და ქვეყნის ჩაკეტვა არ დაგვჭირდება.

აცრას პრევენციული მნიშვნელობა აქვს. ის სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს, თუმცა მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლოა, ორჯერ აცრილებიც დაინფიცირდნენ და ასეთი ფაქტები ჩვენთან ირიცხება. თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს. ამ ეტაპზე ქვეყანაში სინოვაკით ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის 75 ათასი დოზის მარაგია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კორონავირუსის მუტაციები. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის მუტაცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ეს არის ბრძოლა სამყაროსა და მიკროსამყაროს შორის.

ბრიტანული, ბრაზილიური, ფრანგული, ვიეტნამური, – ამ მუტაციებს კიდევ ბევრი დაემატება მანამ, სანამ არ დიდი კუმულაციური იმუნიტეტი შეიქმნება. დღეს მოქმედი ყველა ვაქცინა მეტნაკლებად ფარავენ ამ შტამებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოუწოდებს საზოგადოებას, არ შეშინდნენ და სიმშვიდე შინარჩუნონ.

ლიკა ხიჯაკაძე