2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

ეს სფეროებია: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება.

ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება.

დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან.

სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა და სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ეკატერინე დგებუაძე„10-წლიანი სტრატეგიის შემუშავება დიდი პასუხისმგებლობაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, თუმცა გვჯერა, პარტნიორების მხარდაჭერითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას“.

ტიბორ დრაშკოვიჩი„სრულად ვიზიარებ შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებას, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას სჭირდება ყველა ჩართული მხარის აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა. სტრატეგიის შემუშავების პროცესიც შესაბამისად არის დაგეგმილი. მოხარულები ვართ, რომ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ამ რთულ პროცესში და ხელი შევუწყოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“  მხარდაჭერით, მიმდინარეობს.

განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგია, მისი საჯარო განხილვის შემდეგ, 2021 წლის ბოლომდე დამტკიცდება.

წყარო