1921 წ. 20 მაისი.

ამ თარიღმა ერთი საუკუნის წინ დამაბრუნა, ახლად დაბადებულ „საბჭოთა საქართველოში“’. რუსი ჯარისკაცის ჩექმის „წითელი“ კვალი თვით მიუვალ მთებსაც დამჩნევია და საუკუნის შემდეგაც ვერ წაშლილა.

თუმცა ცხოვრებაა გრძელდება თავისი შეუცვლელი კანონებით… ადამიანები იბადებიან, იზრდებიან და ცხოვრობენ…

101 წლის წინ ამ დღეს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნებოძირში სერგო და ანეტა ღონღაძეებს პირველი შვილი შეეძინათ. გოგონას მარიამი დაარქვეს.

ღვთისმშობელმა მარიამმა, მოსახელეს უნაკლო გარეგნობა და ღვთიური კეთილშობილება დაანათლა.

დიდი ცისფერი თვალებით, მხრებზე დაყრილი გრძელი ნაწნავებით, ლამაზი ტანის რხევით მოლითის საშუალო სკოლაში მიმავალ მარიამს, გულგრილად გვერდს ვერავინ უვლის.

სწავლაში ბეჯითი გოგონა მშობლებს დანარჩენი ექვსი დედმამიშვილის აღზრდაშიც აქტიურად ეხმარება და ცხოვრებაც მშვენიერია მოსიყვარულე ოჯახთან ერთად..

1941 წელი.

მეორე მსოფლიო ომმა, როგორც ყველა ადამიანს საქართველოში, მარიამსაც ჩაწყვიტა გული. ბევრ უახლოეს ადამიანთან ერთად სამამულო ომს მისი საყვარელი ძმაც ემსხვერპლა…

ომის შემდგომ, მოლითის სასოფლო საბჭოს მდივანი მარიამ ღონღაძე, თავის მომავალ ცხოვრებას უკავშირებს ლენინგრადის ბლოკადის ყოფილ მებრძოლს, უკეთილშობილეს პიროვნებას, სოფელ ქვების თავკაცს და ყველასთვის სასურველ მეგობარს ანდრო ნადირაძეს.

ტკბილ, სანიმუშო ოჯახს ქმნიან და პატიოსანი შრომით, ერთგული ურთიერთობით, საუკეთესო შვილები: მზია, დავითი და მანანა ნადირაძეები აღუზარდეს ქვეყანას.

ყველა ახლობელისათვის დღემდე დაუვიწყარია ულამაზეს სოფელ ქვებში, მათთან ურთიერთობაში გატარებული ყოველი დღე, განსაკუთრებულად ლამაზ გარემოში, განსაკუთრებულად მოსიყვარულე ადამიანების გვერდით…

ადვილი დასათვლელადაც არ არის ციფრი 101, არამცთუ გასავლელად. უამრავმა ქარტეხილმა გადაიარა მარიამის თავზე – ფრონტგამოვლილი მეუღლის მძიმე ავადმყოფობა, მისი დაკარგვა, უახლოესი ადამიანების ნელ-ნელა იმქვეყნად გაცილება..

90-იანი წლები… 2008 წელი… გაუსაძლისი მდგომარეობა სოფლად… მარტოობა…

– ოჯახის, შვილების, თანასოფლელების ერთგული, სულით ძლიერი ქალი ბოლო მეზობლის დაკარგვამდე არ ტოვებს ოჯახს, მაგრამ იძულებით ესეც უწევს..

ხშირად ზის სარკმელთან… მოსიყვარულე შვილებისა და მათი შთამომავლების გარემოცვაში მყოფი და ზღვასავით გაცემულ სიკეთეს და სიყვარულს, განსაკუთრებული მზრუნველობით და სიყვარულითვე იბრუნებს უკან.

სოფელ ქვების კულტურის სახლის ხელმძღვანელს, წლების განმავლობაში საუკეთესო ბიბლიოთეკარს, გულში საყვარელი წიგნი ჩაუხუტებია.. ვინ იცის, მერამდენედ კითხულობს…

ხანდახან ლამაზ ცისფერ თვალებში სევდა ჩაუდგება, გზას გახედავს. ენატრება თავისი სოფელი, სახლი, მეუღლის ინიციატივით აღდგენილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, – ყველა და ყველაფერი, რაც სოფელს უკავშირდება.

ყოველთვის სიტყვამოზომილი, არავინ იცის, რას ფიქრობს. ის კი ყველამ იცის, რომ მისი განვლილი ცხოვრების გზა მთის წყაროს წყალივით სუფთაა, ადამიანებისადმი, ახლობლებისადმი კეთილის ქმნასა და სიყვარულში განვლილი, რომელიც საუკუნეა, უშრეტ ნაკადულად მოედინება.

კვლავაც დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მოგმადლოს უფალმა, ჩვენო მშვენიერო ქალბატონო.

საუკუნოვან იუბილეს გილოცავ, ჩემო ძვირფასო მამიდა.

მარინა ღონღაძე