ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულები კიცხში, ვარძიასა და ლაშეში მაცხოვრებლები არიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, შაბათ-კვირას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლის თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. მათგან ერთს, ვარძიის სკოლის მძღოლს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მძღოლმა დღეს დილით სკოლაში ორი მოსწავლე მიიყვანა. მან სკოლაში მისვლისას შეიტყო, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია და მაშინვე თვითიზოლაციაში გადავიდა.

მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ვარძიის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ინფიცირებულს სკოლის თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 646 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 590 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაშია 43 პირი.

42 ინფიცირებულიდან 7 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირება, სავარაუდოდ, აუხლოეს დღეებში ჩატარდება.