
12 მაისს მსოფლიო ექთნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
40 წელია, ხარაგაულის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექთანია ლია გიორგაძე. მას ამ წლების განმავლობაში პაციენტებზე ზრუნვაში უამრავი ღამე აქვს გათენებული. ექთნობა ლიასთვის თანაგრძნობას, მოთმინებას, პაციენტისა და მისი ახლობლების დამშვიდებას ნიშნავს.
კარგად აქვს გათავისებული ექთნის მთავარი მოვალეობა – ექიმისგან მიღებული დავალებების სწორად და სწრაფად შესრულება.
კიცხის სკოლაში რვა კლასის დამთავრების შემდეგ ლია გიორგაძემ სწავლა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა. მამამისს, ნოდარ გიორგაძეს სურდა, რომ ლიას მომავალ პროფესიად პედაგოგობა აერჩია და მის კვალს გაჰყოლოდა.
„მამაჩემი კიცხის სკოლა-ინტერნატში ქიმია-ბიოლოგიას ასწავლიდა, – გვიამბობს ლია გიორგაძე, – მე ექიმობა მსურდა და მამას ვერ დავუჯერე. სამედიცინო ტექნიკუმის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. პირველ გამოცდაში თუ ხუთიანს მივიღებდი, უკვე სტუდენტი ვიყავი. ფიზიკა არ მიყვარდა და დამსახურებულად დამიწერეს ოთხიანი. შემდეგ წლებშიც იგივე განმეორდა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ინსტიტუტში ჩაბარება გადავიფიქრე“.
40 წლის წინ ლია გიორგაძემ მუშაობა ხარაგაულის საავადმყოფოს ქირურუგიულ განყოფილებაში დაიწყო. ის ამბობს, რომ ქირუგიისა და მედიცინის კორიფეების გვერდით გაიზარდა და ჩამოყალიბდა, როგორც ექთანი. კარგად ახსოვს პირველი პაციენტი, რომელსაც ბრმანაწლავის ოპერაცია ექიმმა იური ბერაძემ გაუკეთა. ლია მაშინ მთავარ ექთანს – მანანა მაჭავარიანს ეხმარებოდა.
„ერთი რამ უნდა გაითავისო, – ოპერაციაზე უნდა იყო მშვიდად და ყურადღებით, – ამბობს ლია გიორგაძე, – სიწყნარე და სიდინჯე – ეს ორი თვისება ექთნისთვის აუცილებელია. უხმოდ უნდა გესმოდეს ექიმის, რომელთან ერთადაც პაციენტის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი.
ფაქტობრივად, 18 წლის ასაკიდან საოპერაციოში ვარ. ექიმები იური ბერაძე, ზაური ჭუმბურიძე, სტეფანე დევდარიანი, შოთა გურგენიძე – საუკეთესო, სახელგანთქმული ქირურგები იყვნენ საქართველოში.
საოპერაციოში ექთანს მოდუნების უფლება არ აქვს. ექიმთან ერთად შეთანხმებულად უნდა იმოქმედო, სიტუაცია სწრაფად უნდა გააანალიზო და ოპერაციაც წარმატებით წარიმართება“.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ხარაგაულის საავადმყოფოში ძნელბედობის წლები დადგა. ოპერაციები აღარ კეთდებოდა. თუმცა ლია გიორგაძეს ყოველთვის მზად ჰქონდა სამედიცინო იარაღები და საჭიროების შემთხვევაში ქირურგ ზაური ჭუმბურიძის გვერდით ერთგულად იდგა. ამბობს, რომ იმ მძიმე წლებში უხელფასოდ პროფესიისადმი სიყვარულის გამო მუშაობდა. პარალელურად საქმიანობა ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედდად დაიწყო.
„2015 წლიდან უკვე გამართული ინფრასტრუქტურის მქონე საავადმყოფოში ვაგრძელებთ მუშაობას, – ამბობს ლია გიორგაძე, – დიდი ბედნიერებაა ისეთი მაღალი დონის ქირურგების გვერდით მუშაობა, როგორებიც არიან ლევან კობახიძე და მალხაზ ბურნაძე.
გარდა იმისა, რომ გამოცდას ვაბარებთ და ჩვენი კვალიფიკაცია ორ წელიწადში ერთხელ ამით დასტურდება, პროფესიული განვითარებისკენ მუდმივად უნდა ვისწრაფვოდეთ. წარმატებული ხარ მაშინ, როცა შენი საქმე გიყვარს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ექთის პროფესია მეტად უნდა დაფასდეს. ძალიან მცირეა ჩვენი ანაზღაურება. ოპერაციების შემდეგ ხშირად პაციენტის საწოლთან ფეხზე გვიწევს ღამეების გათენება.
ჩემს კოლეგებს პროფესიულ დღეს ვულოცავ. ბევრი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი გვყოლოდეს.
ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა