საქართველოში დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ამ ვაქცინით ერთ-ერთი პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აიცრა.

მან ვაქცინაციის შემდგომ განაცხადა, რომ „სინოფარმის“ დადებითობის მაჩვენებელი 79%-დან 86%- მდე მერყეობს და მაღალი დაცვის მაჩვენებელი აქვს ჰოსპიტალიზაციაზე, გართულებებსა და სიკვდილიანობაზე. ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ასევე საქართველოში გართულებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება.

„დღეს ვაქცინაცია საქართველოს 91 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს 137 ბრიგადით. მოსახლეობას ვთხოვ, მივიდეს ამცრელ პუნქტებში და აიცრას.

მაისსა და ივნისში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა დღიურად 5 ათასი უნდა იყოს. სწორედ მაშინ წავალთ იმ  მიზნისკენ, რაც გვაქვს. ეს ჯანმრთელი საქართველოა, სადაც დღეში 20 ადამიანი არ დაიღუპება კორონავირუსით.

300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ეს უნდა გავითავისოთ და ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ. ეპიდვითარება გაუარესებულია, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში რომ გვქონდა, ისე არა.

ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მოსახლეობის 20%-ს გადატანილი აქვს ვირუსი და გამომუშავებულია კუმულაციური იმუნიტეტი. ჩვენ მივეჩვიეთ პირბადის ტარებას. ამ დროისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია. თანაც, ზაფხული მოდის და მზის სხივები კორონავირუსზე მოქმედებს, ასუსტებს მას“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ლიკა ხიჯაკაძე