იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 4 მაისიდან საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა ჩინური წარმოების ,,სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინა.

ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მივიღეთ.

„სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

4 მაისს „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით, ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სამივე ვაქცინით (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) აცრა 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადის ჩართულობით მიმდინარეობს.

4 მაისს 09:30 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციას „სინოფარმის“ ვაქცინით ჩაიტარებს.

თქვენც შემოგვიერთდით, ვაქცინაცია დაასრულებს პანდემიას! – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.