იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელშეწყობით ჟურნალისტებისთვის იმუნიზაციის თემაზე ვებინარი გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგმა მარინა თოფურიძემ ვებინარზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, მისი წარმოშობის ისტორიასა და ეფექტურობაზე ისაუბრა.

„კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური თუ სამედიცინო განვითარებისა, ინფექციური დაავადებებისგან არც ერთი ქვეყნის მოქალაქე დაცული არ არის, – აღნიშნა მარინა თოფურიძემ, – ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ყოველწლიურად აქტიურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. სწორედ ამას ემსახურება ევროპის იმუნიზაციის კვირეული.

აღნიშნული კვირეული აპრილის ბოლო კვირაში აღინიშნება. კვირეული ევროპაში წელს მეთექვსმეტედ ტარდება და საქართველო მას 2007 წლიდან შეუერთდა.

იმუნიზაციის კვირეულის წლევანდელი სლოგანია „ვაქცინაცია გვაახლოებს“.

„ვაქცინაცია გვაახლოებს ოჯახებთან, მეგობრებთან. კოვიდპანდემიამ  დაგვანახა, რომ ის რეგულაციები, რომლებიც ერთის მხრივ გვიცავს ვირუსისაგან, გვაშორებს ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და აღარ გვაძლევს ერთად ყოფნის შესაძლებლობას.

ვაქცინაცია მიზნად ისახავს არა თუ შეაჩეროს ეპიდემია თუ პანდემია, მისი მთავარი მიზანია, აღმოფხვრას ინფექციური დაავადება.

ვაქცინაციის აღმოჩენამდე ძალიან დიდი იყო ავადობა, სიკვდილიანობა.

კოვიდის ინფექცია არ წარმოადგენს პირველ პანდემიას მსოფლიოში. მანამდეც იყო დაავადებები, რომლის წინაშეც კაცობრიობა უძლური იყო.

ის დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ ვაქცინა უკვე შექმნილია, თითქმის აღარ გვხვდება კლინიკურ პრაქტიკაში. სწორედ ამის გამოა ის, რომ ადამიანთა ყურადღება ამ რუტინულ (ბავშვთა იმუნიზაცია) ვაქცინაციაზე შემცირდა. თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავდგებით გარკვეული დაავადებების გავრცელების საფრთხის ქვეშ.

კოვიდ 19-ის პანდემია დიდი გამოწვევა იყო რუტინული ვაქცინაციისთვისაც.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მთავარი მოწოდება საზოგადოებისთვის არის, რომ მიუხედავად ასეთი დიდი საფრთხისა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენს შვილებს არ უნდა „ჩავუგდოთ“ არც ერთი აცრა, რომელიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრითაა გათვალისწინებული.

როგორ მუშაობს იმუნური სისტემა, რა არის ანტიგენი და რა არის ანტისხეული

იმუნური სისტემა ძალიან რთული სისტემაა, წარმოდგენილია მთელი რიგი ორგანოებითა და იმ ნივთიერებებით, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის დაცულობას. მას აქვს უნიკალური თვისება  – ამოიცნოს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ვირუსი – ანტიგენი და მისი სპეციფიური, ინდივიდუალური საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოშვას, რომელიც მის გაუვნებელყოფასა და განადგურებას ემსახურება.

იმუნურ სისტემას არა მხოლოდ შეუძლია ამოიცნოს ანტიგენი, მას აქვს  უნარი, დაიმახსოვროს  ეს ანტიგენი. სწორედ ეს თვისება გამოიყენება ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცით იმუნური სისტემა იმახსოვრებს ანტიგენს და ანადგურებს მას, ორგანიზმში მოხვედრისას.

წითელას საწინააღმდეგო აცრა არ უკეთდება ერთ წლამდე ბავშვს, თუ ბავშვის დედა არ არის აცრილი ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით. ბავშვი აბსოლუტურად დაუცველია ამ დაავადების წინააღმდეგ, რადგან ერთ წლამდე მას არ გააჩნია დედისგან გადაცემული ანტისხეული. ამიტომ წითელას გავრცელება ამ ასაკში უფრო ხშირია და უდიდესი დარღვევების გამოწვევა შეუძლია ნერვულ სისტემაში.

მე, მშობელი, როცა ვცრი ჩემს შვილს, ამით ვიცი, რომ ვიცავ არა მხოლოდ მათ, არამედ მათ მეგობრებს, გარშემომყოფებსა და შთამომავლობას.

პანდემიები და ეპიდემიები კაცობრიობაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო გავრცელებული თითქმის ყველა კონტიგენტზე.  ევროპაში ყვავილის ინფექციით წელიწადში 400 ათასი ადამიანი იღუპებოდა. ინფექცია, რა თქმა უნდა, არ განარჩევდა ადამიანის სოციალურ კლასს და ამ ინფექციას ევროპაში 5 მეფე ემსხვერპლა.

მეცნიერმა ედუარდ ჯენერმა დაკვირვებით აღმოაჩნია, რომ ძროხის მწველავ ქალებში ყვავილის ინფექციით ავადობა ძალიან დაბალი იყო და სიკვდილიანობაც არ შეინიშნებოდა.

ყვავილის ინფექცია მთელს ტანზე და მათ შორის სახეზეც ტოვებდა ნაწიბურებს. ამ ქალებს კი ეს ნაწიბურები მხოლოდ  ხელებზე შეემჩნეოდათ.

აღმოჩნდა, რომ ეს ინფექცია გავრცელებული იყო ძროხებში – ძროხის ყვავილი, რომელიც ადამიანისთვის სასიკვდილო არ იყო და ორგანიზმში ყვავილის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოშობას უწყობდა ხელს. ასე შეიქმნა პირველი ვაქცინა მსოფლიოში.

ტერმინი „ვაქცინა“ მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს – „ძროხისა“. (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა). ამ ვაქცინის გამოყენებას მთელს მსოფლიოში ყვავილის ინფექციური დაავადების აღმოფხვრა მოჰყვა.

ყვავილით ინფიცირებულთა 70-80% იღუპებოდა. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, ვაქცინაციის დანერგვის პროცესი მსოფლიოში ძალიან რთულად მიმდინარეობდა და მისი საწინააღმდეგო კამპანია ძალიან აქტიური იყო იმ პერიოდში. ადამიანებში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებდა, ძროხად გადაიქცეოდა.

ციფრული ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიაც რამდენადმე შეიცვალა და ახლა ადამიანებს ე.წ. „დაჩიპვის“ შიში გაუჩნდათ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციით ვიცავთ საკუთარ და გარშემომყოფთა სიცოცხლეს“.

თამთა გოგოლაძე