
კორონავირუსზე აცრის მსურველი, 55 წელზე უფროსი ასაკის 70-მდე ხარაგაულელი ამ დრომდე ვაქცინაციისთვის ვერ დარეგისტრირდა.
ამ მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებლად ინტერნეტსა და ტელეფონზე ხელი არ მიუწვდებათ, ასევე არ აქვთ აცრისთვის ქუთაისის საავადმყოფოში წასვლის შესაძლებლობა.
დარეგისტრირებასა და ტრანსპორტირებაში მათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ადგილობრივი ხელისუფლება უნდა მიეხმაროს. თუმცა ამ დრომდე 70 მსურველიდან ასაცრელად არც ერთი პირი არ დაურეგისტრირებიათ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, გულნაზი ვეფხვაძის ინფორმაციით, ზონების მიხედვით 20 კაცამდე აცრის მსურველი უნდა მოგროვდეს, რომ შემდგომში მათი ტრანსპორტირება მოხდეს.
„მაგალითად, ჩხერიმელას ხეობის სოფელ მოლითში 9 პირია აცრის მსურველი, წიფაში – 6. კიცხის ზონის სოფლებიდან აცრის სურვილი მხოლოდ ერთმა, ხიდარში მცხოვრებმა პირმა გამოთქვა. ძირულას ხეობის სოფლებიდან აცრა ვერტყვიჭალასა და ხევში მცხოვრებ 6-6 და გედსამანიაში მცხოვრებ 5 პირს სურს.
როგორც კი ტრანსპორტირების საკითხს მოვაგვარებთ, მათ მაშინვე დავარეგისტრირებთ. ეს საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ ტრანსპორტით აცრის მსურველ 5-10 ადამიანსაც უზრუნველყოფენ, მთავარია, მოქალაქეებმა აცრის სურვილი გამოთქვან.
„მერის წარმომადგენლებისთვის გვაქვს ნათქვამი, რომ თუნდაც მცირე ჯგუფების ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, ვთანამშრომლობთ სოფლის ექიმებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ტრანსპორტირებაში ხანდაზმულებს, შეჭირვებული ოჯახების წევრებს, მათ, ვისაც არ აქვთ აცრისთვის ქუთაისში ჩასვლის შესაძლებლობა“.
ხარაგაულში, სოფელ მოლითში მცხოვრებმა ლეილა ნანიტაშვილმა და მისმა მეუღლემ, თენგიზ ცხოვრებაძემ კორონავირუსზე აცრის სურვილი ერთი თვის წინ გამოთქვეს და ამის შესახებ ოჯახის ექიმს, ნათია ლომიძეს აცნობეს. ნათია ექიმმა თავის მხრივ მათი და კიდევ შვიდი მსურველის მონაცემები ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადასცა.
„ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულიდან ზარს ველოდებით, რომ ასაცრელად წაგვიყვანენ, – ამბობს ლეილა ნანიტაშვილი, – რადგან ამ დრომდე არავინ დაგვიკავშირდა, ჩემმა შვილმა თბილისში, იაშვილის კლინიკაში ასაცრელად დაგვარეგისტრირა და ათ მაისს ავიცრით. ჩვენი სოფლიდანაც ბევრს არ სურს აცრა და მხოლოდ ჩვენ ვინ წაგვიყვანს ასაცრელად“.
მოლითის ამბულატორიის ექიმი ნათია ლომიძე ამბობს, რომ მან ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მოლითის თემის სოფლებში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეები, ჯერჯერობით თავს იკავებენ აცრისგან.
„აცრის მსურველი პირების ქუთაისში ტრანსპორტირება რომ გაჭიანურდა, ეს ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობის ამაღლებას ხელს არ შეუწყობს, – ამბობს ნათია ლომიძე, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ ასაცრელად 55 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს მომავალ კვირაში წაიყვანენ“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 43 568 პირი აიცრა, მათგან ვაქცინის ორივე დოზა 5 218-მა მოქალაქემ მიიღო.
აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
ნინო კაპანაძე
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა
ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ასი ახალი წიგნი შეიძინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა