„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მათი სარჩელი დაუყოვნებლივ გადააგზავნოს.

საქმე საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონატს ეხება. ორგანიზაცია სასამართლოს გზით მოითხოვს, რომ სახალხო დამცველმა პანსიონატში მონიტორინგი განახორციელოს.

ორგანიზაციის იურისტის, ანა არგანაშვილის განმარტებით, თუ საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი და საქმის მასალები სააპელაციო სასამართლოში დღესვე არ გადააგზავნა, საქმე მომავალი 12  დღის განმავლობაში, უქმე დღეების გამო, ვეღარ განიხილება.

„საქალაქო სასამართლო გვეუბნება, რომ ჩვენი სააპელაციო საჩივარი და საქმის მასალები გამზადებული აქვთ, მაგრამ არ იციან დღეს გადააგზავნიან თუ არა, – ამბობს ანა არაგანაშვილი, – საქმე ეხება ბავშვებს და მათ მომავალს. ისინი პანსიონატში დაუცველები არიან. ეს დაუშვებელია, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.

სახალხო დამცველის 2015-2018 წლის ანგარიშების მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვებზე ძალადობის მძიმე ფორმებია აღწერილი. ამ წყაროს გარდა სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან იქ არავის უშვებენ. 2021 წლის 15 აპრილს კი სახალხო დამცველს ამ პანსიონატში შესვლის უფლება აღარ მიეცა“.

ამჟამად ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი (აბულაძე) პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია.