„უკვე 21 წლის გახდა ბიჭი, რომელმაც მასწავლა, რა არის სიყვარული,“ – წერს მარი ბერაძე სოციალურ ქსელში და თავის ძმასთან პირველი შეხვედრის წუთებს იხსენებს.

მარი ჩვენი თხოვნით გვიამბობს, როგორია ცხოვრება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახის წევრებისთვის.

„ჩემი ძმა გიორგი 2000 წელს დაიბადა, მაშინ 7 წლის ვიყავი. მამამ სკოლაში გამომიარა და სამშობიარო სახლში წამიყვანა. არ მახსოვს, მითხრა თუ არა, სად მივდიოდით, თუმცა მახსოვს, მისვლისთანავე ვნახე დედა და წერტილისოდენა ბავშვი. მითხრეს, რომ მეც თითქმის ასეთი ვიყავი. ვხვდები, რომ მაშინ ემოციების ქვეშ ვიყავი – სკოლაში, მეზობლებთან, ქუჩაში შემხვედრებთან ვსაუბრობდი, ჩემი ძმა როგორი პაწაწინაა.

სახლში სულ რამდენიმე თვით იყო, – მანამდე, სანამ დიაგნოზი დაუდასტურდა. ამის შემდეგ დედას და გიოს საცხოვრებელი ადგილი საავადმყოფო გახდა. გიოს დიაგნოზი ცერებრალური დამბლაა (დაბადებისას მიღებული ტრავმით გამოწვეული).

მაშინ ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი და ალბათ ვერ ვაცნობიერებდი, რა განცდები ჰქონდათ ჩემს მშობლებს. ნელ-ნელა, თვეებისა და წლების განმავლობაში ცდილობდნენ, ჯერ გაეაზრებინათ, შემდეგ კი შეგუებოდნენ შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას.

უამრავი კვლევისა თუ ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა მამას შესთავაზა, ბავშვი საავადმყოფოში დაეტოვებინათ. არ ვიცი, იმ ექიმის კაბინეტში რა მოხდა, თუმცა მახსოვს, დედა და მამა ყველა ჩვენს ნათესავსა თუ ახლობელს როგორი აღშფოთებით უყვებოდნენ ამ შემოთავაზების შესახებ.

გიორგი უკვე 11 წლის იყო, როცა ყოველგვარი იმედი გადაიწურა, რომ შეძლებდა სიარულს, ან საუბარს, ან დამოუკიდებლად ჭამას, აღუდგებოდა მხედველობა და ა.შ… ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყო რეალურად ჩვენი, როგორც მისი ოჯახის წევრების, გარდაქმნაც.

ჩემს დასთან ერთად ვასეირნებდი გიორგის საბავშვო ეტლით ქუჩაში – დაახლოებით მაშინ, როცა 5-6 წლის იყო. მთელი გულით ველოდი, როგორ მოვიდოდა რომელიმე გამვლელი მასთან, მოეფერებოდა და იტყოდა – როგორი ლამაზი, მზესავით ბიჭია (მართლა ასეთია)… და რა თქმა უნდა, ასე არასდროს მომხდარა. გვეჩეხებოდა მხოლოდ სიბრალულით სავსე თვალები, დანანებით ჩაქნეული ხელი და ზურგს უკან გამოსროლილი „არა, არც უნდა გამოჰყავდეთ გარეთ ასეთი ბავშვები“…

6 წლის იყო გიორგი, როცა დედამ ზიარების მისაღებად ერთ-ერთ ეკლესიაში წაიყვანა. გიორგიმ ზიარებისას ღვინო და პური ვერ მიიღო, დედამ კი ამის გამო სასულიერო პირისგან შეურაცხყოფა და ყვირილი დაიმსახურა – „ქალბატონო, ამ ბავშვს ჭამა და სმა თუ არ შეუძლია, აქ რატომ მოიყვანეო“. დედა დღემდე ვერ იხსენებს იმ შემთხვევას ემოციების გარეშე. მე კი ვფიქრობ, ქრისტესგან ნამეტანი შორს იყო ის კაცი. თუმცა, სამწუხაროდ, არც ხალხმა დააკლო საყვედური იმ დღეს დედას.

მიფიქრია, რომ მსგავსმა დამოკიდებულებებმა დაგვაფიქრა და გაგვააზრებინა, რომ ბავშვი ბავშვია და არ აქვს მნიშვნელობა, ცაციაა, ცერებრალური დამბლით, აუტისტური სპექტრის დარღვევით, მოცეკვავე თუ ფიზიკის მოყვარული.

ჩემს მშობლებს რაც შეეხება, მამაც და დედაც, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდნენ შვილის მდგომარეობას. თუმცა მათში მოახდინა, მგონი, გიორგიმ ყველაზე დიდი რევოლუცია. გარკვეულ პერიოდში გამომცდელად ვაკვირდებოდი ჩემს მშობლებს – ხომ არ მალავდნენ, ხომ არ რცხვენიათ და ა.შ. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავს შემთხვევაში არც დედა და არც მამა არასდროს გამომიჭერია.

დღეს, როცა გვეკითხებიან – როგორ არის გიო? – პასუხი მარტივია – კარგად! ვერ დავითვლი რაოდენობას, რამდენჯერ უთქვამთ ამის პასუხად – „ანდა რას გეკითხები, როგორ უნდა იყოს..“ სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის არ არის აღქმადი, რომ ადამიანს, რომელსაც საუბარი ან სიარული არ შეუძლია – შესაძლებელია იყოს კარგად და მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ მშვიდად.

ჩვენ გადაგვარჩინა გააზრებამ, რომ პრობლემა არ არის შეზღუდულ შესაძლებლობებში – პრობლემა არის ამის აღქმაში. დიახ, შესაძლებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს – უყვარდეს და უყვარდეთ. სხვა უფრო მნიშვნელოვანი არც არსებობს რაიმე. სწორედ ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ძმა, რომელსაც ვერბალურად აზრის გადმოცემის უნარი არ აქვს, ვერ დადის, ვერ გვხედავს – ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელია.

არ ვიცი როგორი ვიქნებოდი მე, რა ღირებულებები ჩამომიყალიბდებოდა, რომ არ დაბადებულიყო გიორგი და არ ყოფილიყო ასეთი, როგორიც არის. გიორგიმ მასწავლა სიყვარულის არსი. სიყვარული ისეთი „ამბავია“, ამას ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. ჩემს შემთხვევაში კი სიყვარულს გიორგის სახე აქვს, – ის სახე, როცა ეხუტები და გიღიმის, ან როცა ნაცნობი ადამიანის ხმა ესმის და ბედნიერია.

სიყვარულია ალბათ, როცა უბრალოდ გსურს ადამიანის ჩახუტება, ამით ხარ ბედნიერი და არ გჭირდება არაფერი სხვა, არ გაინტერესებს მისი კანის ფერი, შეუძლია თუ არა სიარული, მოცეკვავეა თუ უბრალოდ საუბარი არ შეუძლია.

არ ვიცი, ვის რისკენ მოვუწოდო. არც აგრესია მაქვს საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც სპეციალური საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საცოდავებად, „ავადმყოფებად“, „ხეიბრებად“ თუ სხვა ეპითეტებით მოიხსენიებს. ერთადერთი, – შემიძლია ვუთანაგრძნო – რადგან მათ თვითშეგნებასა და ინფორმაციულ სიმცირეს ერთი პატარა, წყვდიადის შემანგრეველი ძალის მქონე სანთლის შუქი დაამშვენებდა.

თამთა გოგოლაძე