
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უარყოფითად აფასებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტებს და მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი დაგეგმილ ცვლილებები.
26 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. მათგან ერთი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებში შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, საგრძნობლად მკაცრდება სანქცია ორივე მითითებულ მუხლზე, ამასთან, შემცირებულია მოსამართლის როლი – საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა.
საია მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს.
სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
მეორე კანონპროექტით დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მართალია, ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა, კანონპროექტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რომლის მიხედვითაც 24 საათიანი დაკავების ვადა სრულიად საკმარისია პირის სასამართლოში წარსადგენად მიუხედავად იმისა, თუ რა დროს მოხდა მისი დაკავება.
ამასთან, მნიშვნელოვანია კანონპროექტში გაიწეროს, რომ როდესაც ამოიწურება პირის დაკავების საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. კანონპროექტში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა დააზღვევს კანონის ბოროტად გამოყენების ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის იზოლატორში დაკავება მოხდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება დაკავების საფუძველი იმ მოტივით, რომ ჯერ კიდევ არა არის ამოწურული დაკავების ვადა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო