ხარაგაულის ქუჩებში არასათანადო პირობებში მყოფი მიუსაფარი ძაღლები მრავლად შეგხვდებათ.

მათ კვებასა და მოვლაზე არავინ ზრუნავს. მშიერი ცხოველები აგრესიას ავლენენ და  ხარაგაულელებს დისკომფორტს უქმნიან. ყველაზე დიდ საფრთხეს კი წარმოადგენს ის, რომ ბევრ მათგანს შესაბამისი აცრა არ აქვს ჩატარებული.

მზია აბულაძე სოფელ მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგია. სახლიდან დილის 6 საათზე გამოდის, რომ მატარებელს მიუსწროს და სკოლაში მივიდეს. პატარა ხარაგაულიდან რკინიგზის სადგურამდე ფეხით უწევს გადაადგილება. გზად ბევრი მიუსაფარი ძაღლი ხვდება.  მზია რამდენჯერმე მათი აგრესიის მსხვერპლი გახდა და ამბობს, რომ ამის გამო სახლიდან გამოსვლა აშინებს.

„ხარაგაულის ქუჩებში უამრავი მიუსაფარი  ძაღლია, მშიერი და გამოუკვებავი.  გვეუბნებიან, რომ ისინი აცრილები არიან და  ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათი აგრესია ჩემს თავზე გამოვცადე. ყველაზე მრავლად „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან არიან. ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება ფრთხილად გავიარო, რომ მშიერი ცხოველების აგრესია არ გამოვიწვიო. ვფიქრობ, რომ ხარაგაულის ქუჩებში ფეხით გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსაფრთხო უნდა იყოს და არა შიშის მომგვრელი. ფაქტია, რომ ვერ ხერხდება ქუჩაში მცხოვრები ცხოველების პოპულაციის შემცირება. ჩემი აზრით, ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს ერთიანი სისტემა, რომელიც იმოქმედებს როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში“- ამბობს მზია აბულაძე.

მიუსაფარი ძაღლების რიცხვი დღითიდღე იზრდება ხარაგაულში. ამ პრობლემას განსაკუთრებით ამწვავებს ის, რომ ხარაგაული პატარა მუნიციპალიტეტია. აქ არ არის ბევრი კვების ობიექტი, საცხობები და სხვა სასურსათო დაწესებულებები. ხარაგაულელები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. მოქალაქეების თქმით, გამოსავალი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის აშენებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ ხელმძღვანელი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ მისი ორგანიზებით მომავალ კვირაში შეიკრიბებიან საკითხში ჩახედული ადამიანები. ისაუბრებენ ამ პრობლემაზე და მოძებნიან გამოსავლის გზებს. მას მიაჩნია, რომ ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აუცილებლად უნდა აშენდეს.

მანანა ტაბაშიძემ ამ საკითხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მიმართა. მერიაში სერიოზულად ამ პრობლემის მოგვარებაზე. თუმცა, მუნიციპალიტეტს არ აქვს თავშესაფრის მშენებლობის დაფინანსების შესაძლებლებლობა. მანანა ტაბაშიძე კი თვლის, რომ ყველაზე კარგი დრო თავშესაფრის მოსაწყობად სწორედ ახლაა, რადგან ძაღლების გადაყვანა გაძვირდა.

„ჩემი ოცნება, როგორც ადამიანის, არის ის რომ ძაღლები ქუჩაში აღარ იყვნენ. ეს იმიტომ კი არა, რომ ისინი მე მაწუხებენ, არამედ მინდა უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ. ქუჩაში მათი მოვლა არავის შეუძლია, – ამბობს მანანა ტაბაშიძე,-  მაქვს ინფორმაცია , რომ ეს ძაღლები პატარა ხარაგაულში ქათმებზე ნადირობენ. მე რომ სამსახურში მივდივარ, 10 ძაღლის შუაში უნდა გავიარო. არ ვარ დაცული, რადგან არ ვიცი რომელი რა ხასიათზე იქნება. ხარაგაულში სამი სკოლაა და სამივესთან ძაღლები წვანან. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ქალებს, რომლებიც ამ ძაღლებზე ზრუნავენ, მაგრამ მარტო ისინი ვერაფერს გახდებიან.

ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ მუშაობა თავშსაფრის მოწყობაზე და გავიაროთ შესაბამისი ეტაპები. პირველ რიგში, საზოგადოება უნდა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ვერ მოხდეს თავშესაფრის აშენება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ  საზოგადოება გამოვიჩენთ კეთილ ნებას და ერთად ვიზრუნებთ ამ ძაღლების გამოკვებაზე“.

მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ვალდებულებაა. 2021 წელს ორგანიზაციის ბიუჯეტში ამ მიზნით 8000 ლარი იყო განსაზღვრული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თვეში ერთხელ 20 ძაღლი მიჰყავს ოზურგეთში. იქ მათ უტარდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვადასხვა აცრები, მათ შორის ცოფზეც. თითო ძაღლის გადაყვანა 120 ლარი ჯდება. 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შევიდა ცვლილება და მიუსაფარი ძაღლების გადასაყვანად დამატებით 2400 ლარი გამოიყო.

„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი ბესო კვირიკაშვილი ამბობს, რომ თანხის დამატება მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

„მიუსაფარი ძაღლების გადაყვანა და იქ აცრების ჩატარება პრობლემას აგვარებს იმ კუთხით, რომ გამრავლება აღარ ხდება და ისინი აგრესიულები არ არიან. ხარაგაულში თავშესაფრის მოწყობა შესაძლებელია, მაგრამ ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული,“- ამბობს ბესო კვირიკაშვილი.

სანამ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, მიუსაფარი ძაღლები ხარაგაულის ქუჩებში თვითგადარჩენისა და საკვების მოპოვებისთვის იბრძვიან. ისინი კვლავ კეთილი ადამიანების იმედად რჩებიან.

ლიკა ხიჯაკაძე