„იმუნიზაცია კაცობრიობის დიდი მიღწევაა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, კორონავირუსის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის.

„იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ასეთი სწრაფი ტემპით არასოდეს წარმართულა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ორი დღის წინ მსოფლიოს აცრილმა მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა. ასეთი ტემპით თუ წავიდა იმუნიზაციის პროცესი, მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 75% 19 თვეში აიცრება. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და ტემპის მომატებაა საჭირო.

საქართველოში ვაქცინაცია ფაიზერითა და ასტრაზენეკათი მიმდინარეობს. 4 მაისიდან  დაემატება სინოფარმი. ვაქცინების მარაგი თანდათან შეივსება და ის ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მსურველისთვის.

დღევანდელი დღის მთავარი  მოწოდებაა – „ვაქცინაცია გვაახლოებს“.

ვაქცინაცია გვაახლოებს ჯანმრთელობის უნივერსალურ დაცვასთან, პანდემიისგან თავისუფალ სამყაროსთან და მეგობრებთან, რადგან ამ პანდემიისას ჩვენ დავშორიდით ერთმანეთს. ვაქცინაციის პროცესში ყველაზე დიდი პრობლემაა არათანაბარი გადანაწილება.

ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. ყველა შტამი, რაც დღეს გავცელებულია მსოფლიოში, არსებულ  ვაქცინებს ემორჩილება მეტ-ნაკლები ეფექტურობით.

დადებითობის მაჩვენებელი იზრდება, სიკვდილიანობაც გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაქცინაციის ტემპი დავაჩქაროთ.

საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია, აიცრას და დაიცვას სხვა მოქალაქეების სიცოცხლე“.