დღეს, 22 აპრილს, მსოფლიოს 192 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დედამიწის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებმა სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს.

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ეკო კლუბმა „ხერგილმა“ კვირეული მოაწყო. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა დარგეს 50 სხვადასხვა ხის ნერგი, დაასუფთავეს მდინარე ჩხერიმელას სანაპიროს ერთი მონაკვეთი, მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა  გარემოს დაცვით საკითხებზე  შექმნეს ნახატები, ხოლო უფროსკლასელებმა – პოსტერები, მათ შორის ელექტრონული სახის.

ეკო კლუბ „ხერგილის“ ხელმძღვანელი მარინა მუმლაძე ამბობს, რომ ეს აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

„გვინდოდა მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მოძიების, შემდეგ მისი სწავლის და სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობა მიგვეცა. ჩვენ მხოლოდ ამ კონკრეტული დღებით არ შემოვიფარგლებით. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თვეში ერთხელ დაასუფთაონ ნარჩენებისგან მდინარე ჩხერიმელას სანაპიროს სხვადასხვა მონაკვეთი. მიგვაჩნია, რომ გარემო ყოველდღე უნდა დავიცვვათ. დედამიწა ყველას სახლია და მას უნდა გავუფრთხილდეთ, რათა ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ“, – ამბობს მარინა მუმლაძე.

დედამიწის დღეს ხარაგაულის #3 სკოლაც შეუერთდა. სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე აღნიშნავს, რომ ამ აქტივობებით მოსწავლეები ბავშვობიდან გააცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც თითოეულ ადამიანს აკისრია დედამიწის დაცვის კუთხით.

„მოსწავლეებს კომპლექსური დავალებები მივეცით. კლასების მიხედვით დავანაწილეთ კონტინენტები. მაგალითად, მე-7 კლასმა აფრიკის კონტინენტზე გააკეთა პრეზენტაცია. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ვაჟა-ფშაველა და მისი შემოქმედება. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხატვის გაკვეთილზე შექმნეს გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი ნამუშვრები. დედამიწა ჩვენი სახლია და ხელი უნდა შევუწყოთ მას სიცოცხლის გახანგრძლივებაში“, – ამბობს მარინე ხვედელიძე.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე: ხარაგაულის გიმნაზიის ეკოკლუბმა მდინარე ჩხერიმელას სანაპიროს ერთი მონაკვეთი დაასუფთავა