ფრაქცია ამა თუ იმ პარტიის დეპუტატთა ორგანიზებული ჯგუფია, რომელიც პარტიის მიერ შემუშავებული ხაზის გასატარებლად იქმნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია მოქმედებს – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, „ქართული ოცნება – მრეწველები“, „მოძრაობა ხარაგაულისთვის“, „თვითმმართველობა ხალხისთვის“, „ძალა ერთობაშია“.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2017 წლის მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე, – 20 ნოემბერს შეიქმნა. „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველები“ 2017 წლის 19 დეკემბერს ჩამოყალიბდა, „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ და „თვითმმართველობა ხალხისთვის“ – 2018 წლის 4 აპრილს, ხოლო „ძალა ერთობაშია“ – 2018 წლის 26 ნოემბერს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, იმ ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელშიც ცხრა და მეტი წევრი ირიცხება, ორი მოადგილე ჰყავს; სხვა შემთხვევაში – თითო-თითო. ხარაგაულის საკრებულოში მრავალრიცხოვანი – 19 წევრიანი – ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.
ფრაქციის თავმჯდომარის დარიცხული ხელფასი თვეში 1 650 ლარია; ფრაქციის მოადგილის – 1 100 ლარი. ერთი ფინანსური წლის განმავლობაში ხარაგაულში ექვსი ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 800 ლარი იხარჯება; ხოლო შვიდი მოადგილის ხელფასებისთვის – 92 400 ლარი. ანუ, სულ ფრაქციების დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში ხარაგაულის ბიუჯეტს 211 200 ლარი უჯდება.
„პირდაპირ გეტყვით და ჩემსავით ფიქრობს მოსახლეობის უმრავლესობა, რომ საკრებულოს ფრაქციების საქმიანობისგან ხარაგაულში ბევრი არაფერი გვისარგებლია, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები ქეთევან გიორგაძე, – მოქალაქეები პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან, არ უნდათ ვინმეს აწყენინონ. ამის გარეშე კი ჩვენი ცხოვრების პირობები ვერ გაუმჯობესდება. ხარაგაულში უამრავი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების ხელფასებში დახარჯული თანხა მათგან საქმის გაკეთების პროპორციული ვერ არის. ხელისუფლებაში მყოფები კარგად არიან, დანარჩენები – იმერული ზრდილობის ხარჯზე – გაჩუმებულები“.
ფარცხნალში მცხოვრებ ბესო დავაძეს მიაჩნია, რომ საკრებულო და მისი ფრაქციები მუნიციპალიტეტს ეფექტურად ვერ მართავენ და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.
„არაეფექტურია საკრებულოს საქმიანობა ხარაგაულში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე, – ამბობს ბესო დავაძე, – ამ დროს საკრებულოში გვყოლია ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“. მდინარე ჩხერიმელას კალაპოტში უხეში ჩარევისა და ინერტული მასის ამოღების გამო სერიოზული კატასტროფა გვემუქრება. ზვარეში მეწყერი რა დროს ამოქმედდება, არ ვიცით. ამოიღო ვინმემ ამაზე ხმა?! ხარაგაულის საძოვრები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და იყიდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან გლეხი საძოვარის გარეშე დაგვრჩება. ის თანხა, რითაც საკრებულო ფინანსდება, მათი საქმიანობის ადეკვატურად არ მიმაჩნია“.
რა სარგებელი მიიღო ხარაგაულის მოსახლეობამ ფრაქციების საქმიანობით, – ამ შეკითხვით ფრაქციების თავმჯდომარეებს მივმართეთ.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა პაატა გოგოლაძე. ამ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზურაბიანი და საკრებულოში პარტიული სიით არჩეული შალვა ლურსმანაშვილი.
პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ ყველა პროექტი, რომელიც მერიიდან საკრებულოს ეგზავნება, ამ ფრაქციაში იხილება და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად მსჯელობის შემდეგ იღებენ. ის მიიჩნევს, რომ ამ მოწვევის საკრებულომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ხარაგაულის მერის, ნიკო თოფურიძის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა. ამ ფრაქციის მოთხოვნის შედეგია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პაკეტის დაფინანსების გაზრდა. პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ სათანადო ყურადღებას უთმობენ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, სპორტული და კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას და მოსახლეობის წინაშე არსებულ ყველა პრობლემას.
ფრაქციამ „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ სახელწოდება 2021 წლის აპრილში შეიცვალა. მანამდე მას „ქართული ოცნება – მწვანეები“ ერქვა. ფრაქციის თავმჯდომარე კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ლურსმანაშვილია, მისი მოადგილე – ღორეშის მაჟორიტარი დეპუტატი იულონ კოპაძე, წევრი საკრებულოში პარტიული სიით არჩეული – მარინე ხვედელიძე.
ფრაქციის სახელწოდების შეცვლა იმან გამოწვია, რომ მწვანეთა პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოეყო და აღარც პარლამენტშია.
აკაკი ლურსმანაშვილი ფრაქციის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან საქმიანობად გარემოს დასუფთავების ღონისძიებებში ჩართვას, ნერგების დარგვის აქციებში მონაწილეობას და სკოლებში არსებული ეკოკლუბების მუშაობით დაინტერესებას მიიჩნევს.
„ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე, 2006 წლიდან დღემდე, უკვე 16 წელია, ხარაგაულის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარეა. თავისი ფრაქციის სახელით ის საკრებულოში მუდმივად მოითხოვს ხარაგაულში მევენახეობის გაძლიერების ხელშესაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას.
„ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას არ ეთანხმება, – ამბობს იუზა კელენჯერიძე, – მიმაჩნია, რომ თვითმმართველობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რისი დაფინანანსებაა უფრო მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტად უნდა იქცეს“.
„ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე ვარძიის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ხიჯაკაძეა, წევრი – წიფის მაჟორიტარი დეპუტატი – ბესო ტალახაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილია; მისი მოადგილე ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ხაჩიძე, წევრი – ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე.
ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე ამბობს, რომ მათი ფრაქცია, ძირითადად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობისა და სოციალური პაკეტის დაფინანსების გაზრდას მოითხოვდა.
„ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფრაქცია მერიისგან შემოთავაზებულ პროექტებს მხარს არ უჭერდა, – ამბობს ზურაბ ხაჩიძე, – პრეტენზიები გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც გვქონდა. თუმცა, მერია ჩვენს მოსაზრებებს ნაკლებად ითვალისწინებდა“.
ხარაგაულის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ორი ფრაქციაა.
ფრაქციის -„ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეა თორნიკე ავალიშვილი, მოადგილე ქეთევან ზუმბაძე, წევრი დავით მაღლაფერიძე.
თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ამ ფრაქციის ინიციატივით პანდემიის დროს იმ ოჯახებს დაეხმარენ, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას მხედველობიდან გამორჩა. ფრაქცია მუდმივად იწვევს საკრებულოში მუნიციპალიტეტში მოქმედ ააიპებს მათ საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზე მსჯელობისთვის. თორნიკე ავალიშვილი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ფრაქციების თავმჯდომარეები, საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს 2019 და 2020 წლებში სოციალური პაკეტის დაფინანსების გაზრდას. მისი მოთხოვნით, მერიაში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდისა და მერისთვის ავტომანქანის შესაძენად განსაზღვრული ფინანსები სოციალურ პაკეტში მიიმართა.
ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარეა ინგა მაღრაძე, მოადგილე აკაკი მაჭავარიანი, წევრი – მიხეილ ჭიპაშვილი.
ინგა მაღრაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ხარაგაულის საკრებულოში ანგარიშგასაწევი ძალაა. „ვფიქრობ, საკრებულოში ჩვენ რომ არ ვიყოთ, მერიიდან შემოსულ პროექტებს უმრავლესობის წევრები არც კი წაიკითხავდნენ. მაჟორიტარი დეპუტატები ხშირად საუბრობენ სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაინც „ერთიან“, „გუნდურ“ პოზიციას იჭერენ.
მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებს უფრო მოგვმართავენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ პრობლემებს ჩვენ უკეთ გავახმოვანებთ. ვთვლი, რომ თვითმმართველობის ახლანდელი მოწყობა და ადმინისტრირებაზე დახარჯული თანხები არაეფექტურია და მოსახლეობისთვის სიკეთე ვერ მოაქვს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი