ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ტენდერები გამოცხადდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის თქმით, სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ამ დრომდე ტენდერები ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის უქონლობის გამო არ გამოცხადებულა.

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ წელს 1 200 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოგვეყო, ხოლო 177 400 ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამატეთ. იმედია ტენდერები შედგება და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება“ – ამბობს დავით დევდარიანი.

დაბა ხარაგაულში აგრარული ბაზრის მიმდებარედ ნაპირდამცავი კედლის მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 470 213 ლარზე გამოაცხადა, ხოლო ლეღვანში კიბაბოურის უბანში ხიდის აღდგენის/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისათვის  – 368`082 ლარზე.

სატენდერო წინადადებების მიღება ორივე ტენდერში 17 აპრილს დაიწყება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 147 დღეში უნდა დასრულდეს.

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების/ხიდბოგირების და არხების აღდგენის/მშენებლობისათვის ტენდერი 177 400 ლარზე გამოცხადდა. ამ ტენდერით შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება:

  • მაქათუბანში ღელის წყლისაგან დაზიანებული ბეტონის გზის მონაკვეთის აღდგენა – 40 507 ლარი;
  • კვესრევში მილხიდის მოწყობა ღრმა ფრთებით – 26 546 ლარი;
  • კვესრევის სავანის უბანში ორი ხიდბოგირის მოწყობა – 34 520 ლარი;
  • ბორითში, ალედი ბარბაქაძის უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა ცხაურით – 39 676 ლარი;
  • მაქათუბნის მაღაზიასთან მილხიდის მოწყობა – 18 170 ლარი;
  • ბორითის კურტანიძეების უბანში მილხიდის მოწყობა – 17 981 ლარი;

ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს TU-KA დააფიქსირა. ის ამ სამუშაოების განხორციელებას 175 300 ლარად გეგმავს.

ლეღვანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გამაგრებისათვის საყრდენი კედლის/გაბიონის მშენებლობას ინდმეწარმე კახაბერ სტეფნაძე 147 445 ლარად გეგმავს.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 119 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.