სამხატვრო პლენერი „გამა“ ხარაგაულში ხუთი წლის წინ რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით დაფუძნდა.

ამ ხნის განმავლობაში ხარაგაულზე შექმნილი 110 ნამუშევარი დაგროვდა. ამ ნახატებმა ბინა ლიტერატურულ თეატრში დაიდო.

„გადავწყვიტეთ, რომ პლენერ „გამაზე“ შესრულებული ნახატები მუდმივ გამოფენაში დავტოვოთ, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – მინდა, ნამუშევრები ნახონ იმ ადამიანებმა, რომლებიც პლენერის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს ვერ ესწრებიან.

29 მარტიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია დილის 11:00 სათიდან 16:00 საათამდე მოვიდეს ლიტერატურული თეატრის ოფისში და ისიამოვნოს ნახატებში გადმოცემული ხარაგაულის ხედებით.

ხარაგაულში მოქმედი სკოლების ადმინისტრაციებს მინდა ვთხოვო, რომ წინასწარ გვაცნობონ სტუმრობის შესახებ, რათა უფრო ორგანიზებულად დავხვდეთ. ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს არა მხოლოდ აქ გამოფენილი ნამუშვრები ვაჩვენოთ, არამედ ვესაუბროთ ხელოვნებაზე.

ხელოვნების პედაგოგებს შევთავაზეთ, რომ აქვე ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები. სიხარულით აიტაცეს ეს იდეა. უახლოეს მომავალში ჩატარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც მუსიკა, მხატვრობა, პოეზია და ზოგადად, ლიტერატურა, ერთმანეთთან იქნება შერწყმული. ეს ახალგაზრდებისთვის ხელოვნების ზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა“.

ხუთი წლის წინ იზა ვეფხვაძემ ხარაგაულში 20 მეგობარი მხატვარი მოიწვია. მათ ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში მასპინძლობდნენ. წლიდან წლამდე პლენერში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იზრდება.

2021 წელს პლენერი „გამა“ შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, მაისში, გაიმართება. იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ წლევანდელი პლენერი სიახლეებით იქნება სავსე.

„საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, რომელზეც 110 ნახატია შექმნილი, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – მხატვრები თავიანთი ტილოებითა და საღებავებით ჩამოდიან, ნამუშევრებს კი ხარაგაულს საჩუქრად უტოვებენ. პლენერის დღე არის ზეიმი. წელს მაისში დაგეგმილი პლენერი „გამა“ ნახევარსაათიანი კონცერტით გაიხსნება და ასევე კონცერტით დაიხურება.

მთავარია, ეპიდვითარებამ ხელი არ შეგვიშალოს. ხარაგაულში ჩამოვლენ ცნობილი საოპერო მომღერლები. ამ საქმეში ხარაგაულელი, ცნობილი საოპერო მომღერალი მამუკა ლომიძე გვეხმარება. ოპერის სოლისტები ამ დღისთვის უკვე ემზადებიან“.

პლენერზე შესრულებულ ნამუშევრებს მალე ლიტერატურული თეატრის ოფისი ვეღარ დაიტევს. იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, პლენერ „გამას“ მუზეუმი შეიქმნას, რადგან ეს ნამუშევრები ხარაგაულისთვის დიდი საგანძურია. მათ ღირებულებას კი დრო უფრო მეტად გვაჩვენებს.

ლიკა ხიჯაკაძე