ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 აპრილს 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 8 260 500 ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტში, წლის განმავლობაში, დაახლოებით 23 ცვლილება შევიდა და საბოლოოდ შემოსავლები 16 102 900 ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 104, 6 %-ით შესრულდა; გეგმის ზევით მობილიზებულია 702 500 ლარი, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლები შემცირდა. გასულ წელს შემოსავლებმა 16 554,8 ათასი ლარი შეადგინა. შემოსულობების შემცირება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების კლებითაა განპირობებული.
ბიუჯეტის ხარჯები 2020 წლისათვის, ყველა ცვლილებისა და დამატებების შემდეგ, 20 323 900 ლარით განისაზღვრა. ფაქტობრივად, 17 097,2 ათასი ლარის ხარჯი დაფინანსდა.
ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი 84,1 %-ით შესრულდა. 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ასეთი მაჩვენებელი პანდემიამ გამოიწვია, რადგან დაგეგმილი ხარჯები ვერ გაიწია.
2020 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციისთვის გათვალისწინებული იყო 11 239,9 ათასი ლარი, ფაქტობრივად გახარჯულია 8 614, 6 ათასი ლარი.
გზების შეკეთებისათვის 8 122,4 ათასი ლარიდან ათვისებულია 5 925, 6 ლარი.
ხიდების რეაბილიტაციაზე გათვალისწინებული 1 430,1 ათასი ლარიდან ათვისებულია 1 270,3 ათასი ლარი.
მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი 155 ათასი ლარიდან დაიხარჯა 24,8 ათასი ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ბიუჯეტის შესრულებას არასახარბიელოს უწოდებს.
„საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობის ძირითადი წილი ინფრასტრუქტიურულ პროექტებსა და ხარჯებზე მოვიდა. მერიის ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის ხარვეზები – ზოგიერთ შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების მიერ არაადეკვატური და არადროული მიდგომები – იყოს აღმოფხვრილი. ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულება დროულად არ შეწყდა, ზოგიერთ შემთხვევაში ავანსების გაცემამ დაკარგა მიზნობრიობა. ვიცით, რა გვაწუხებდა და ახლა უკვე ჯეროვნად მიეხედება ამ საკითხებს,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„2020 წლის ბიუჯეტის შესრულებას უარყოფითად ვაფასებ, რადგან ჩემთვის ბევრი კითხვის ნიშანი იბადება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი, – როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება იყო, რომ მიუხედავად პანდემიისა, ინფასტრუქტურულ პროექტების შესრულებას ხელი არ შეეშლებოდა. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურული პროექტების 70% შეუსრულებელია.
2020 წელს დამიკავშირდნენ მარტოხელა და შშმ პირები, რომლებმაც პანდემიის დროს დახმარება ვერ მიიღეს. დახმარებები გაიცა, თუმცა ვერ მიიღეს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ.
სხვა მუნიციპალიტეტებში, პანდემიის დროს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტები ყოველთვიურად რიგდებოდა, ჩვენთან მთელი პანდემიის პერიოდში საკვები სამჯერ გაიცა, რატომ მოხდა ეს? მაშინ, როცა საბავშვო ბაღების გაერთიანებას ბიუჯეტი 63 ათასი ლარით შეუმცირდა.
კითხვის ნიშნები რჩება და ამის გამო ბიუჯეტის შესრულებას მხარს ვერ დავუჭერ“.
„ბიუჯეტის შეუსრულებლობის ხარვეზი ნათლად სჩანს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხები ვერ ავითვისეთ, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილი, – ამაში იგულისხმება როგორც ახალი გზების მშენებლობა, არსებულის შეკეთება და ხიდ-ბოგირების მოწყობა.
ცენტრალური ხელისუფლებიდან მოქმედებდა ასეთი პრინციპი, – აითვისებდი, მეტს მოგცემდნენ. ვერ ავითვისეთ, თანხის ნაწილი უკან წაღეს და პროექტები განუხორციელებელი დარჩა. წელს იმედი გვაქვს, თანხებს მაქსიმალურად ავითვისებთ, ამისათვის მთელი მობილიზებით მუშაობს როგორც მერია, ასევე საკრებულოს დეპუტატები.
გამორიცხულია, რაიმე თანხა აუთვისებელი დარჩეს. უკვე დაიწყო სოფლის პროექტების განხორციელება. თანხა ასევე გამოიყო მთის განვითარების ფონდიდან. თუ ეს თანხები კიდევ აუთვისებელი დარჩა, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ იმ თანამდებობების შესაფერისი, სადაც ვართ. ეს ჩვენი ბრალი იქნება. მოსახლეობა მეტს მოგვთხოვს, აღარაფერს გვაპატიებს. გასულ წელს 2 700 000 ლარი წავიდა, გაქრა, ამას აღარ გვაპატიებს მოსახლეობა, საქმე უნდა გაკეთდეს“.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი