მეოთხე თვეა, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი საქმიანობას შეუდგა.

საარჩევნო პერიოდში ის მოსახლეობას სოფლების გაზიფიცირების დაჩქარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობის გაორმაგებას, ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების არეალის გაზრდას, ოჯახის ექიმების ტრანსპორტირების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ბიზნესისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე ხელშეწყობას დაჰპირდა.

რომელი დაპირებების შესრულება შეძლო და რა გამოწვევებია ხარაგაულის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დასაძლევი, – ამ საკითხებზე კობა ლურსმანაშვილს ვესაუბრეთ.

ხარაგაულში ათი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან უკვე მოვიპოვეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ესენია – გზების რეაბილიტაცია ახალსოფელში, ხევში, თეთრაწყაროში, ბორითის გოჭოურის უბანში, სარგვეშში ცისკაძეებისა და ხვიჩა მუმლაძის უბნებში, მარელისის ცისკაძეების უბანში, ღარიხევის თხელიურის უბანში, წყალაფორეთის ბაღის უბანში, საქარიქედის მუხების უბანში.

გარდა ამისა, 1 200 000 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ჩაგვერიცხა. ველოდებით მთის ფონდიდან თანხას, რომლითაც გედსამანიაში ტაძრამდე მიმავალი გზა მოეწყობა, ხოლო ზვარეში – გზა ყოფილი ბანაკის ტერიტორიამდე. ასე რომ, ლიმიტები ამოწურული არ არის. თუ კარგად ვიმუშავებთ, ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად თანხა დაგვემატება.

რაც შეეხება სოფლების გაზიფიცირებას, მთავრობის განკარგულებით ხარაგაულში 2021-2023 წლებში ექვსი სოფლის – ღარიხევის, ქროლის, წიფის, ღუდუმექეთის, ლაშის იგორეთისა და კიცხის იგორეთის გაზიფიცირება იგეგმება. რეგულარულად ვუკავშირდები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. ვიმედოვნებ, რომ 2021-2023 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეტი სოფელი გაზიფიცირდება.

ძირულას ხეობის მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ხევი-ნადაბურიდან ხარაგაულში ძირულას გავლით მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოვემსახუროთ ამ მუნიციპალური ტრანსპორტით უბისა-ღორეშა-სარგვეშის მოსახლეობას.

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ და მათგან პასუხს უახლოეს ხანში ველოდებით.

ოჯახის ექიმებს ტრანსპორტირებაში, მათი მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ვეხმარებოდით – ხშირად მერიის კუთვნილი ტრანსპორტით. სოფლის ამბულატორიების შენობებს რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამბულატორიებს წყალი მიეწოდოს. ეს პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოგვარდება. მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტებს თანადაფინანსების სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ათას ლარს ვამატებთ. როგორც კი ბიუჯეტში დამატებითი თანხები შემოვა, მათ ისევ წყლის სისტემების მოსაგვარებლად მივმართავთ. ერთხელ და სამუდამოდ სოფლებში წყალმომარაგება უნდა მოვაწესრიგოთ.

ხარაგაულში სერიოზული გამოწვევაა უმუშევრობა. წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, რომ ქროლში მინის ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა. მერიამ გასცა ქარხნის მშენებლობაზე თანხმობა, მაგრამ ეს პროცესი სატყეო სააგენტომ შეაჩერა. იმ ტერიტორიაზე „წითელ ნუსხაში“ შეტანილი რამდენიმე ძირი წაბლი და ურთხმელია. ასეთ შემთხვევებში ინვესტორი ხეების ღირებულებას ანაზღაურებს ხოლმე. თუმცა, სატყეო სააგენტომ ქროლში ის ტერიტორია აუქციონზე არ გაიტანა. ჩვენ უფრო აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში. შევისწავლით საკითხს და სატყეო სააგენტოს მივმართავთ. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი რომ ხორციელდება, საუბარია 1,5 – 2 მლნ დოლარის ინვესტიციაზე, რამდენიმე ძირი წაბლის დათმობა შეიძლება. სამთავრობო უწყებებმა ყველა მიმართულებით ხელი უნდა შეგვიწყონ.

საბუეთის მთაზე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობით ორი მსხვილი ჩინური კომპანიაა დაინტერესებული. ამ პროექტის განხორციელება პანდემიის დასრულებისთანავე დაიწყება. სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ განახლებადი ენერგიის სადგურებისთვის საბუეთის მთა ერთ-ერთი უნიკალური ადგილია საქართველოში.

ბიზნესმენთა ჯგუფები ხარაგაულში ბეტონისა და ბლოკის საწარმოს მონტაჟს იწყებენ. ეს პროცესი ორ-სამ თვეში დასრულდება. ხარაგაულში მაისის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში, დიდი დატვირთვით ამოქმედდება ხილისა და სოკოს საშრობი საწარმო, რომელიც პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. ასე რომ, დასაქმების კუთხით, ხარაგაულში პატარ-პატარა ინიციატივები ჩანს.

– ბატონო კობა, მერიის იმ სამსახურებს, რომელთა საქმიანობაც გასულ წლებში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა, რვა თვეა, უფროსი არ ჰყავს.
კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ მერიის სამსახურებს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ორ წლამდე პერიოდში ხელმძღვანელობდეს. თუმცა, გასული წლების შედეგების ფონზე, საინტერესოა რატომ არ ნიშნავთ მერიის სამსახურების უფროსებს – კვალიფიციური კადრების დეფიციტია თუ სხვა რაიმე მიზეზია?

– ამჟამად გამოცხადებული გვაქვს ქონებისა და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებს, ჩამოყალიბების პროცესში ვართ. თუ კონკურსს გამოვაცხადებთ, დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ მოქმედი საჯარო მოხელეები, რადგან პირველ ეტაპზე ღია კონკურსის გამოცხადებას კანონი არ გვავალდებულებს. ვთვლი, რომ მოვალეობის შემსრულებლები კარგად მუშაობენ.

უახლოეს ხანში მერიაში შესყიდვების სამსახური შეიქმნება. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან მერიის საქმიანობაში ყველაზე მთავარი შესყიდვების გამართულად წარმართვაა. მერიის სხვა სამსახურებში გადახალისება მიმდინარეობს.

მერიაში იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ამ განყოფილებას თეა ბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. ახალი კადრები საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის სამსახურებშიც მოვიყვანეთ. უახლოეს ხანში კვლავ გვექნება ცვლილებები.

– ხარაგაულში ე. წ. „ღია ესტრადის“ რეკონსტრუქციაზე 0,5 მლნ ლარი დაიხარჯა და შენობა ექსპლოატაციაში ჩაბარებიდან მალევე გამოვიდა მწყობრიდან. თქვენ აღდგენილი „ღია ესტრადის“ დაზიანების მიზეზად არაერთხელ დაასახელეთ ის, რომ შენობის მოვლა-პატრონობა არავის ჰქონდა დავალებული. თქვენ, როგორც მერმა, რა ნაბიჯები გადადგით „ბრალეული პირის“ გამოსავლენად?

– გასული წლის ოქტომბერში „ღია ესტრადა“ მოვლა-პატრონობისთვის ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას გადავეცით. შენობა დასუფთავდა და მოწესრიგდა. სამწუხაროდ, იქაურობა კვლავ მიზანმიმართულად ზიანდება. ახლახან სცენაზე ცეცხლი დაუნთიათ. კატეგორიულად მოვითხოვე, რომ იქ დარაჯები დააყენონ.

შენობა რომ ჩავიბარეთ, პრეტენზიები ჩვენც გვქონდა. მშენებელმა ყველაფერი გამოასწორა, საპირფარეშოებიდან ორჯერ მოპარული უნიტაზები და წყლის ავზები ხელახლა დაამონტაჟა.

ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ რა პროცესებიც „ღია ესტრადაზე“ განვითარდა, რიგი საჯარო მოხელეების უპასუხისმგებლობითაა გამოწვეული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მეწარმემ ყველაფერი ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად გააკეთა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობას დაზიანებები არასწორი ექსპლუატაციით მიადგა. დღეს შენობის კეთილმოწყობისთვის მინიმალური სამუშაოებია საჭირო. მინდა საზოგადოებას სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, თორემ მე თავის სამართლებელი არაფერი მაქვს.

– მაღალმთიან სოფელ გედსამანიის სკოლაში დასაქმებულები ვერ სარგებლობენ შეღავათებით, რადგან მათი სკოლა ხუნევის სკოლასთან არის ოპტიმიზირებული. ჩართული ხართ თუ არა პრობლემის გადაჭრაში, – როგორ, რა ფორმით, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით და რას უნდა ელოდნენ გედსამანიის სკოლის თანამშრომლები ამ მიმართულებით?

– ამ საკითხის მოგვარებაში ჩართული ვარ საკრებულოსთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, რესურსცენტრთან ერთად. 2024 წლამდე სასწავლო დაწესებულებას, თუ ახალი არ აშენდა ან არ გაიყო, ავტორიზაცია არ მოეთხოვება. გედსამანიის სკოლამ დამოუკიდებელი სტატუსი უნდა აღიდგინოს, რისთვისაც ავტორიზაცია უნდა გაიაროს. ამჟამად გედსამანიის სკოლის ინფრასტრუქტურა ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ, რომ უფრო ცუდი შედეგი არ მივიღოთ.

– მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ამბობდით, რომ ხარაგაულის მაშინდელი მერი და მერიის სამსახურები არ აქტიურობდნენ სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად – კერძოდ, მოლითში საზოგადოებრივი ცენტრის ასაგებად და ბიუჯეტში ქონების გადასახადის გასაზრდელად.
თქვენ ამბობდით, რომ მერია არაფერს აკეთებდა მიწების დასარეგისტრირებლად, რომლებიც შემდგომ იჯარით შეეძლო გაეცა.
მერად არჩევის 4 თვის განმავლობაში რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით და რა შედეგს მიაღწიეთ, რომ მუნიციპალიტეტს დაურეგისტრირებელი მიწები საკუთრებაში გადმოცემოდა;

მოლითში საზოგადოებრივი ცენტრის გასახსნელად კონკრეტული ნაბიჯები ხომ არ გადაიდგა?

არ მინდა ამ ეტაპზე ჩემი წინამორბედის საქმიანობაზე ვილაპარაკო. ის საზოგადოებამ უკვე შეაფასა. მიწის პრივატიზაციასა და მისი იჯარით გაცემისგან შემოსავლების მიღებას შორის ბალანსი უნდა დავიცვათ. ბაზალეთის შემოვლით გზაზე, ხანდების მხრიდან, მიწა გაყიდულია. როგორ გაყიდეს გზა, არ ვიცი. ამავე გზისკენ, ხიდზე რომ გადახვალთ, მდინარის კალაპოტია გაყიდული. ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობა იწყება. გამწმენდი ნაგებობა ხანდებში უნდა მოეწყოს, მდინარიდან მოშორებით. აღმოჩნდა, რომ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროსთან ტერიტორიები გაყიდულია. ახლა კერძო პირისგან უნდა გამოვისყიდოთ.

2013-2016 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობისას პრივატიზაციას სიფრთხილით ვეკიდებოდი, რადგან მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის ინტერესებისთვის საჭირო ადგილები არ უნდა გაიყიდოს. ჩემს შემდეგ პრივატიზაციის პროცესი დაჩქარდა.

იჯარით რამდენიმე ტერიტორიის გაცემას ვაპირებთ, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია.

გასულ წლებში მოლითში საზოგადოებრივი ცენტრის ასაშენებლად იუსტიციის სამინისტრო მზად იყო. მუნიციპალიტეტი მაშინ ამ პროცესს მზად ვერ დახვდა. ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის მოლითში საზოგადოებრივი სახლის ამოქმედება მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევ, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც რომ დაგვჭირდეს მოლითის საზოგადოებრივი ცენტრისთვის შენობის შეძენა.

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაიწყო ნარჩენების მართვის პროექტი, რომელიც მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას გადმოეცა სამართავად, ჩავარდა. თქვენ რა გეგმა გაქვთ ამ პროექტის გასაგრძელებლად და ეფექტურად სამართავად?

გეგმა არის ერთადერთი, – კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის მართვაში, პროექტის გაგრძელება მოვთხოვოთ.

ეს პროექტი ყველასთვის სასარგებლო იყო. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ხათუნა მანჯავიძემ სერიოზული ძალისხმევა გასწია. ახლა მოსახლეობას ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ უნარიანები ვართ და პროექტის მართვა შეგვიძლია.

– ბატონო კობა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება. თქვენ, როგორც 2016-2020 წლებში „უმაღლეს ლიგაში მოთამაშე“ პოლიტიკოსი, რა შეფასებას მისცემთ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას – გახარია დამოუკიდებელია თუ ბიძინა ივანიშვილის პროექტია?

– პოლიტიკოსის დამოუკიდებლობა გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული. გიორგი გახარიასთან პირადი ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზება. იგრძნობა კიდეც მის მიმართ სიმპატიები და მხარდაჭერა. ვფიქრობ, პოლიტიკაში ახალი მოთამაშის გამოჩენა არ იქნება ცუდი. ადამიანებს სჭირდებათ ახალი სახეები. მას მხარს ნეიტრალური ამომრჩეველი დაუჭერს. დღეს ორპოლუსიანობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რეალური მრავალპარტიული პარლამენტი გვჭირდება და ამომრჩეველი ზუსტად დაალაგებს პარტიების რეიტინგსაც და იმიჯსაც. ვფიქრობ, რომ არათუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის რიგებიდანაც გახარიას ბევრი შეუერთდება. პოლიტიკაში პოზიტიური პროცესები იწყება, რაც ახალ სახესთან და ახალ პოლიტიკურ ინიციატივებთან იქნება დაკავშირებული.

– აპირებთ თუ არა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?

– „ქართული ოცნების“ წევრი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ამ პარტიასთან ერთად  გავაგრძელებ საქმიანობას იმის მიუხედავად, წარმადგენენ თუ არა არჩევით თანამდებობაზე. ისეთ ასაკში ვარ ახლა, რომ პოლიტიკური გუნდისა და შეხედულებების შეცვლა ჩემგან გამორიცხულია. ექნება პარტიის ადგილობრივ და ცენტრალურ გუნდს სურვილი, რომ კვლავ კობა ლურსმანაშვილმა იბრძოლოს ხარაგაულში ამ პოზიციისთვის, – საწინააღმდეგო არაფერი მექნება.

მთავარია, პარტიის მხარდაჭერასთან ერთად, მოსახლეობის მხარდაჭერა ვიგრძნო. მერობის კანდიდატად დასახელებამდე მოსახლეობასთან შეხვედრები მომიწევს. ღიად და კაცურად ვეტყვი, როგორ მოვერიე მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს, რა შევძელი და რა – ვერა. თუ მათგან იქნება მზაობა, რომ კვლავ მომცენ შესაძლებლობა დაწყებული საქმეები გავაგრძელო, ვიბრძოლებ მოსახლეობის სახელით. თუ შევხედავ, რომ ეს დამოკიდებულება, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ჩემსა და ხალხს შორის გაციებული და გაუცხოებულია, თავს დავანებებ.

დგება დრო, როცა პოლიტიკოსს ვადა და რესურსი ეწურება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს სხვაგან ვერ ვიპოვით. ყველაფერი გაანალიზდება. კობა ლურსმანაშვილი კენჭს იყრის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, რითაც სხვები კმაყოფილდებიან.

ნინო კაპანაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

კობა ლურსმანაშვილი – ფარცხნალის სამკურნალო აბანოს პრივატიზაციაზე ვფიქრობთ