„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში 166 პროექტი განხორციელდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ამ პროგრამის ფარგლებში შარშან ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 000 ლარი გამოეყო.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 890 000 ლარიდან 25 ათასი ლარი ტენდერებით დაიზოგა. ამ თანხას წელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ან იგივე პროგრამის თანადაფინანსებისთვის გამოიყენებს, ან – სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებებზე შემდეგი პრობლემების მოგვარება გადაწყვიტა – სოფლებში გარე განათების, სანიაღვრე არხების, წყლის სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა, გზების მოხრეშვა, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, წისქვილების, მოსაცდელების მშენებლობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტის, ბაჩო შველიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით საღანძილისა და ხევის თემის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილი გარე განათების ქსელი ექსპლოატაციაში არ შესულა. მისი თქმით, იმ სოფლებში, სადაც გარე განათება პირველად გაიყვანეს, აღრიცხვის კვანძებია მოსაწყობი. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება.
ბაჩო შველიძე ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოს აღრიცხვის კვანძების მოწყობის მოთხოვნით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართეს. თავის მხრივ, ეს კომპანია ვალდებულია, აღრიცხვის კვანძები მიმართვიდან 40 დღეში მოაწყოს. სავარაუდოდ, საღანძილისა და ხევის თემის სოფლებში გარე განათების ქსელი ექსპლოატაციაში თებერვლის ბოლოსთვის შევა.
2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარე განათების ქსელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში მოეწყო.
გასულ წლებში ამავე პროგრამით რამდენიმე ისეთი პროექტი განხორციელდა, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. მათ შორისაა 2009-2013 წლებში ფარცხნალში აშენებული სამკურნალო აბანო და მოსახლეობის თავშეყრის ადგილი ქროლში. ამ დრომდე დაუსრულებელია ხევში, წაქვაში, ციცქიურსა და გრიგალათში სარიტუალო სახლების მშენებლობა, ისლარში ახალგაზრდების თავშეყრისთვის შენობის კეთილმოწყობა. ბჟინევში, ვერტყვილაში, მაქათუბანში, საქასრიაში, მარელისში, დეისსა და მოლითში სარიტუალო სახლები, ფაქტობრივად, არ მუშაობს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ პროგრამის ფარგლებში 2009-2016 წლებში სარიტუალო სახლების მშენებლობაზე 72.9 ათასი ლარია დახარჯული, თუმცა მოსახლეობა ამ პროექტებით ვერ სარგებლობს. ამიტომ აღნიშნული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნობრიობას ვერ აკმაყოფილებს.
რა გეგმა აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, რა გზებითა და რა ფინანსებით აპირებენ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული პროექტების დასრულებას და შემდგომში მათ მართვას, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ამ პროგრამის განხორციელების მთავარი კრიტერიუმია, რომ მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ვფიქრობ, რომ ზოგ შემთხვევაში გადაწყვეტილება გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული ვერ იყო. თუმცა, ხელისუფლებას ამის შეცვლა არ შეეძლო. ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს, გადაწყვეტილებას ისევ მოქალაქეების ჩართულობით მივიღებთ.
სარიტუალო სახლების იჯარით გაცემასა და ფარცხნალის აბანოს პრივატიზაციაზე ვფიქრობთ. დაუმთავრებელი შენობები და ის ობიექტები, რომლებითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს, მუნიციპალიტეტის ქონებაა. ამიტომ მომავალში მათ სოფლის საჭიროებიდან გამომდინარე გამოვიყენებთ“.
2021 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვლიდან დაიწყება და 15 მარტს დასრულდება. ეს ინფორმაცია მერის მოადგილის, დავით დევდარიანისგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციით, კრებები სოფლებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, რეკომენდაციების დაცვით, ღია სივრცეში ჩატარდება.
გასული წლის მსგავსად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ამ პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც 2020 წელს, 890 000 ლარი გამოიყოფა.
უცვლელია სოფლისთვის თანხის გამოყოფის კრიტერიუმები:
დასახლებას, სადაც 200-მდე მაცხოვრებელია, 10 000 ლარი გამოეყოფა; თუ სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობა 201-დან 400-მდეა – 12 000 ლარი; დასახლებას, სადაც 401-დან 1000 მაცხოვრებლამდეა – 16 000 ლარი; ხოლო იმ სოფელს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000-ს აღემატება, 20 000 ლარი გამოეყოფა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ფარცხნალის სამკურნალო აბანოს შენობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი