ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ მრავალწლიან ტრადიციას აგრძელებს. ანსამბლში ახალი წევრები შეემატათ – ომარ ჩაჩანიძე და ჯემალ ბანცაძე. კიცხის კულტურის სახლში, სადაც რეპეტიციებს ატარებენ, შესაბამისი პირობები არ არის. სამეცადინო ოთახში ელექტროენერგია არ აქვთ და შესაბამისად, ვერც გამათბობელს რთავენ. ზამთრის ცივი დღეები სიცივეში გაატარეს. სამუშაო ოთახის იატაკი დაზიანებულია. საკონცერტო ფორმებიც დაუძველდათ. გამოსავალი იპოვეს და გარდაცვლილ წევრთა ფორმებს იყენებენ.

„ძალიან პატარა სამუშაო ოთახი გვაქვს. ხმების ბალანსისთვის დიდი სივრცეა საჭირო. ხელმძღვანელისთვის ეს წვალებაა. ზამთარში ანსამბლის წევრები სიცივეში ვმეცადინეობდით, – ამბობს „ოდილას“ ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე, – ბევრი იდეა და სურვილი გვაქვს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ხელშეწყობა – არა.

გვსურს, ბავშვებს გადავცეთ ჩვენი შემოქმედება, რომელიც ასე რუდუნებით მოაგროვა ბატონმა სულიკო ციმაკურიძემ. იმერულთან ერთად, საქართველოს სხვა კუთხის სიმღერებსაც შევასწავლით. ვინმე თუ დახმარებას გაგვიწევს, ძალიან კარგი საქმე იქნება“.

ანსამბლის თითოეულ წევრს ხელფასის სახით ყოველთვიურად 160 ლარი ერიცხება. „ოდილას“ წევრები ამბობენ, რომ გაძვირებული ცხოვრების პირობებში ეს მიზერული თანხა წამლების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით. ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაფინანსების გაზრდაზე დაპირება მიიღეს და იმედიანად არიან განწყობილნი.

„ბავშვები როცა დაინახავენ, რომ მათი ბაბუები და ბებიები მღერიან და დაფასებულად გრძნობენ თავს, სიმღერის სურვილი მათაც გაუჩნდებათ და დაინტერესდებიან. ერთი ოთახი რომ გაგვირემონტონ, კონცერტებსაც ჩავატარებთ ხოლმე“, – ამბობს „ოდილას“ წევრი სოსო ავალიშვილი.

ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ სულიკო ციმაკურიძის ხელმძღვანელობით კიცხში, 1975 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ანსამბლში მღეროდნენ ბორის ზვიადაძე, იუზა ბერაძე, დიმიტრი (დუტუ) გიორგაძე, ომარ კვარაკვახიძე, ზაურ გამრეკელაშვილი, ამირან ოქრომჭედლიძე, სოსო ავალიშვილი, ზურაბ კვაშილავა და იური ჩხიკვაძე. მოგვიანებით ზოგიერთმა წევრმა ანსამბლი დატოვა. ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებული სულიკო ციმაკურიძე ოჯახ-ოჯახ აგროვებდა იმ საგანძურს, რომელიც დღეს ოქროს ფონდში შედის.

სიმღერის სიყვარულმა და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო – „ოდილა“ არაერთი ჯილდოსა თუ გრანპრის მფლობელი გახდა. საქართველოს მასშტაბით მრავალ კონცერტსა თუ ფესტივალზე გამოდიოდა. გასტროლებით უკრაინაშიც იმყოფებოდნენ. იაპონიაშიც  მიიწვიეს, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა იმდროინდელმა პოლიტიკურმა არეულობამ შეუშალათ ხელი. თბილისის ოპერის, ფილარმონიის, რუსთაველის თეატრისა და სხვა დიდ სცენებზე სიყვარულით ხვდებოდა მათ მსმენელი.

„ოდილა“ შრომის სიმღერაა, რომელსაც ყანაში მუშაობის დროს ასრულებდნენ. მეზობლები ერთმანეთს გადაძახებდნენ „ოდილას“ და ასე იწყებდნენ მუშაობას. ჩვენ ეს სიმღერა დავამუშავეთ, – იხსენებს „ოდილას“ წევრი სოსო ავალიშვილი, – ხარაგაულის რაიონის მასშტაბით უფასოდ ვატარებდით კონცერტებს. ფინანსები თავიდანვე არ გვქონდა.

სწორედ ამიტომ სულიკო ხან ვისთან მიდიოდა დახმარების თხოვნით და ხან – ვისთან. ღირსების ორდენის კავალერები იყვნენ სულიკო ციმაკურიძე, ომარ კვარაკვახიძე და იუზა ბერაძე. ჩვენი დიდი სურვილია, კიცხის კულტურის სახლს სულიკო ციმაკურიძის სახელი მიენიჭოს და ჩვენი ანსამბლიც მისი სახელობის გახდეს“, – ამბობს სოსო ავალიშვილი.

„სულიკო ძალიან მარჯვედ ეკიდა ამ საქმეს, – იხსენებს დიმიტრი (დუტუ) გიორგაძე,- სოფლებში დადიოდა და სიმღერებს აგროვებდა. თავადაც იგონებდა და უმატებდა. გვინდოდა, ანსამბლში ახალგაზრდებიც შემოგვეყვანა, მაგრამ მსურველები არ იყვნენ. ყველა გარბის სოფლიდან. ისევ ჩვენ, ასაკოვანებმა მოვიყარეთ თავი და გვინდა, რომ ამ ანსამბლმა კიდევ იარსებოს. ძველი წევრებიდან მე და სოსო ავალიშვილი დავრჩით“.

ანსამბლ „ოდილას“ რამდენიმე წევრი გამოაკლდა. მათ კარგი მოგონებები დაუტოვეს თავიანთ მეგობრებს.

„ბორის ზვიადაძე შესანიშნავი პიროვნება იყო. არაჩვეულებრივი ბარხატოვანი ბანი ჰქონდა და რაც მთავარია, ფოლკლორი უყვარდა.

ომარ კვარაკვახიძეს გამორჩეული ხმა ჰქონდა. შეეძლო მთელი დღე და ღამე ემღერა და არ დაღლილიყო. იმერული იუმორით სავსე იყო.

იუზა ბერაძეს რაც შეეხება, ანსამბლის დასაყრდენი გახლდათ. იმპროვიზაციის დიდი ნიჭი და უნარი ჰქონდა.

სულიკო ციმაკურიძე კი „ოდილას“ სულისჩამდგმელი და თავის საქმეზე შეყვარებული პიროვნება იყო. – მე ხომ არაფერი დამიშავებია, სიმღერები შემოვინახეო, – ამბობდა ხოლმე ჩემთან საუბარში“- იხსენებს რევაზ შარიქაძე.

რას ნიშნავს თქვენთვის „ოდილა“ – ამ შეკითხვით ანსამბლის წევრებს მივმართე.

სოსო ავალიშვილი – „ოდილა“ ჩემი ცხოვრებაა.

რევაზ შარიქაძე – ჩემთვის „ოდილა“ არის მეორე ოჯახი, სიყვარული და წარუშლელი ტრადიცია.

დუტუ გიორგაძე – „ოდილა“ მეგობრობაა, რომელიც ანსამბლის წევრებს ერთმანეთთან გვაკავშირებდა და დღესაც გვაკავშირებს.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე – ფოლკლორული ანსამბლის „ოდილა“ წევრები მეცადინეობის დაწყებამდე