31 მარტის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს.

დღეს კორონავირუსზე ბორის, კიცხის, მოლითისა და ხიდარის საბავშვო ბაღებში დასაქმებულები გამოიკვლიეს. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია, PCR ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

კორონავირუსი, მორიგი გასინჯვისას, ასევე არ დაუდასტურდათ ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს.

ხარაგაულში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა ტესტირების შემდეგი ეტაპი მომავალ კვირაში განახლდება.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 557 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 539 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. ამჟამად ორი პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მეტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, რადგან ბოლო დღეებში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. აუცილებლად უნდა ავატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენა.