
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და დღეს, 31 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. მიმდინარეობს. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა შესაბამისი გრაფა უნდა აირჩიოს და მიჰყვეს ინსტრუქციას.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
ხარაგაულის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე თეო გოლუბიანი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უკვე დარეგისტრირდა. მან 4 გამოცდა უნდა ჩააბაროს.
„თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას. ამისათვის ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ქიმია და ბიოლოგია უნდა ჩავაბარო. რეგისტრაციის პროცესი მარტივი იყო და არ გამჭირვებია. გამოცდებისათვის შეძლებისდაგვარად ვემზადები. იმედია, საუკეთესო შედეგს მივაღწევს“, – ამბობს თეო.
„სამი გამოცდა უნდა ჩავაბარო. სამივე საგანში ვემზადები და გრანტისთვის ვიბრძოლებ. ჩემი აზრით, ერთიანი ეროვნული გამოცდები მარტივად ჩასაბარებელია. თუ სკოლაში სწავლობდი და ბოლო წელს მაქსიმალურად იშრომებ, 100%-იანი გრანტის აღებაც არ არის რთული“, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძე.
წარმატებებს ვუსურვებთ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს, – მათ, ვინც გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“