ხარაგაულში ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „უბისი“, მესამე კვირაა, რეპეტიციები განაახლა. ანსამბლის ხელმძღვანელები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები ამბობენ, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მშობლები ფრთხილობენ და მეცადინეობებზე ბავშვების გამოშვებას ერიდებიან.

„თითქმის ერთი წელია, რაც გავჩერდით. ხელოვანი ადამიანისთვის ეს ძალიან რთულია. ისე მენატრებოდა ჩემი საქმე, რომ სარეპეტიციო დარბაზში მოვდიოდი და შემოვიხედავდი ხოლმე. ახლა ასე მგონია, თითქოს თავიდან დავიწყე ყველაფერი ისე, როგორც 25 წლის წინ, – ამბობს ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი, ამ ეტაპზე უკვე შესწავლილს ვიხსენებთ. არდადეგებამდე ორი თვე დარჩა და გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ.

ბავშვებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვებს ვასწავლით. დადგმული გვქონდა იმერული ცეკვა, რომელიც ხარაგაულზე შექმნილ სიმღერაზე იყო აგებული. ანსამბლმა „უბისი“ არაერთ წარმატებას მიაღწია. ჩვენი სამუშაო პირობები წარმატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“.

პანდემიამ ხარაგაულში ტრადიციად დამკვიდრებული ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ შეაფერხა. ზაზა ლურსმანაშვილის ორგანიზატორობით გამართულ ამ ფესტივალში არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, არამედ მეზობელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ფესტივალის აღსადგენად.

„ყველა ბავშვი მოცეკვავე შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ცეკვას მოზარდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი, რომელსაც ხელოვნებასთან აქვს შეხება, ცუდი ადამიანი ვერ გამოვა. ამავდროულად, სწავლასაც გააუმჯობესებს.

მახსენდება მამა მათეს (ბუაჩიძე) სიტყვები. მან თქვა, რომ სიმღერა სული არის, ხოლო ცეკვა – ხორციო. როგორც ადამიანის სული და ხორცია განუყრელი, ასევეა სიმღერა და ცეკვა. ისინი ადამიანის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის აუცილებელია.

ამავდროულად, ცეკვა არის ვარჯიში და მოზღვავებული ენერგიისგან განტვირთის საუკეთესო საშუალება“.

ეპიდვითარებამ თუ ხელი შეუწყო, ანსამბლი „უბისი“ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ღია ცისქვეშ კონცერტის გამართვას გეგმავს.

„ოთხ ცეკვას წარმოვადგენთ. შესრულდება სიმღერებიც. მთავარია, მანამდე რეკომენდაციები დავიცვათ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. ჯერ გეგმებზე საუბარი მიჭირს“.

ანსამბლ „უბისის“ წევრებს ძალიან უხარიათ ცეკვის რეპეტიციების განახლება.

ნინო ჩერქეზიშვილი: – სამი წელია, რაც ცეკვაზე დავდივარ. პანდემიის პირობებში, როცა სახლში ვიყავი, ზოგჯერ ვვარჯიშობდი ხოლმე. ცეკვა ძალიან მომენატრა.

თაზო ხაჩიძე: – ცეკვაზე ხუთი წელია დავდივარ. სახლში როცა ვიყავი, ხშირად ვვარჯიშობდი. ვშიშობდი, რომ ილეთები დამავიწყდებოდა და მთელი ცეკვა ჩაიშლებოდა. ძალიან მომენატრა ცეკვა და ახლა როდესაც მოვედი, ძალიან მიხარია.

სანდრო მაჭავარიანი: – ოთხი წელია, რაც ცეკვას ვსწავლობ. ერთი სული მქონდა, როდის დაგვრთავდნენ მეცადინეობების უფლებას. ცეკვის გარდა, ელისო და ზაზა მასწავლებლებიც მომენატრენ.

ლიზი კურტანიძე: – ბავშვობიდან მხიბლავდა ეს ხელოვნება. პანდემიის დროს ძალიან მიჭირდა ცეკვასთან განშორება და ახლა, როდესაც რეპეტიციები განახლდა, ძალიან მიხარია. მინდა, რომ აღარასოდროს შეწყდეს.

ლიკა ხიჯაკაძე

თამთა გოგოლაძის ვიდეო