ვაქცინაციის პროცესში რიგების მართვის გასამარტივებლად ახალი საიტების შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით ასაცრელად 14 097 ადამიანია დარეგისტრირებული; აქედან 10 000 ფაიზერის, ხოლო დანარჩენი – ასტრაზენეკას ვაქცინაზე.

„საქართველოში ფაიზერით ვაქცინაცია დღეს, 30 მარტს, დაიწყო თბილისის ოთხ, ქუთაისისა და ბათუმის თითო-თითო კლინიკაში. ამ დაწესებულებებს ამცრელთა ჯგუფები დაემატება. მათი სამუშაო საათები გაიზრდება, – ამბობს ეკატერინე ტკარაძე.

კვირის ბოლოს საქართველოში ჩინური  ვაქცინის – სინოფარმის 100 000  დოზა შემოვა. ეს ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან გავდივართ კონსულტაციას, – უნგრეთის მსგავსად ჩვენც დავიწყოთ თუ არა ამ ვაქცინით იმუნიზაცია.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება. კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა. ვხედათ, რაც ხდება ევროპაში. იმისათვის, რომ ჩვენთანაც არ დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები, აუცილებელია დავიცვათ რეგულაციები“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

საქართველოში 30 მარტს კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეისათვის covid-19-ით ინფიცირებული 1624 მოქალაქე კლინიკაში მკურნალობს; მათგან 68 რეანიმაციეულ განყოფილებაშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ პანდემია დავამარცხეთ. ეს გაზრდილი მაჩვენებელი სიგნალია იმისა, რომ ვიყოთ ყურადღბით.

„ეპიდვითარება უარესდება. ამიტომ ხალხმრავალი შეკრებები არ უნდა მივაწყოთ, ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ეპიდვითარება თუ არ დავარეგულირეთ, სამწუხაროდ, მესამე ტალღა დაიწყება. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე.

ამავდროულად, ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, რადგან პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის. ჩინური ვაქცინა მალე მოიპოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. ჩვენს კანონმდებლობაში წერია, რომ საქართველოს აქვს უფლება შემოიტანოს აღიარების რეჟიმში მყოფი ვაქცინები. აღიარება ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, მათ შორის შედის ევროკავშირის ქვეყნები“.