ხარაგაულში მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელი პირველადი მხარდაჭერისა და ვეტერანების დახმარების პროგრამები დაემატა.

ახალი და უკვე არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნანა კიკნაძეს მივმართეთ:

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელი პირველადი მხარდაჭერის პროგრამის დამატება, დიდწილად, მერიაში ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნამ განაპირობა, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ამ განყოფილების მულტიდისციპლინარული ჯგუფი ბავშვის საჭიროებებს ინდივიდუალურად განიხილავს და მხარდაჭერის ინდივიდუალურ გეგმას შეადგენს.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მხარდაჭერა შესაძლოა იყოს მატერიალური და არამატერიალური. თუ ბავშვს დასჭირდება ფსიქოლოგის დახმარება ან ოკუპაციური თერაპია. ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ ოჯახმა სრულფასოვანი დახმარება მიიღოს. ამ პროგრამით მოსარგებლეებმა მერიას წერილობით უნდა მომართონ.

წელს სოციალურ პროგრამებს ასევე დაემატა ვეტერანების დახმარების პროგრამა, რაც გულისხმობს ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანების დახმარებას ისეთ შემთხვევებში, როცა ბენეფიციარი სხვა მუნიციპალური პროგრამებით ვერ სარგებლობს.

ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით მუნიციპალიტეტში 31 უსახლკარო ოჯახია აღრიცხული. მერია მათ დასახმარებლად ბინის ქირის გადახდას ითვალისწინებს.
ადრე უსახლკაროებს, ბინის ქირის სახით, ყოველთვიურად 100 ლარს ვუხდიდით; მომდევნო თვიდან ეს თანხა მაქსიმუმ 200 ლარამდე გაიცემა. დახმარების მისაღებად ოჯახმა მერიას წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს.

ხარაგაულის მერიის სამსახურები სტიქიით დაზარალებულთა განცხადებების შემსწავლელი კომისიის დებულების ცვლილებაზე მუშაობენ. თუ ოჯახისთვის II კატეგორიის მინიჭებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა, ოჯახი ხელახალ გადამოწმებას ექვემდებარება, რადგან, შესაძლოა, ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
სტიქიით დაზარალებული ოჯახის განცხადების განხილვისას ოჯახის სოციალურ მდგომარეობას, სულადობრივ მაჩვენებელს, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას  ვითვალისწინებთ.

სტიქიით დაზარალებულთა პროგრამით შარშან 60 ათ. ლარი გვქონდა გათვალისწინებული; წელს – 120 ათ. ლარია. ეს მეტი ოჯახის დახმარების შესაძლებლობას მოგვცემს.
I კატეგორიისთვის დახმარება განისაზღვრება 1000-დან 1500 ლარამდე, II კატეგორიის – 500-დან 1000 ლარამდე და III კატეგორიის – 200-დან 500 ლარამდე. III კატეგორიაში სტიქიისგან არა საცხოვრებლის, არამედ დამხმარე ნაგებობების დაზიანება მოიაზრება.

სტიქიით დაზარალებული ოჯახისთვის დახმარების მიცემის შემდეგ, თანხის ხარჯვის მიზნობრიობის მაკონტროლებელი სპეციალური ჯგუფი არ გვყავს. თუმცა მერის წარმომადგენელსა და დეპუტატს ვთხოვთ, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ბენეფიციარისგან თანხის მიზნობრივად გამოყენებას. თუ დახმარების მიმღები დასახმარებლად განმეორებით მოგვმართავს, ასეთ შემთხვევაში მოწმდება, თუ რა გააკეთა უკვე მიღებული თანხით. განმეორებითი მომართვები, უმეტესად, აღარ კმაყოფილდება.

წელს სათბობით მომარაგების პროგრამის ფარგლებში მარტოხელა ხანდაზმულებს არა მხოლოდ დაბაში, არამედ რამდენიმე სოფელშიც.
სამომავლოდ, პროგრამის შეცვლაზე ვფიქრობთ. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირება მიმდინარეობს. შესაძლოა, ასეთ დროს უფრო ეფექტური ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება იყოს. თუმცა, ეს ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი ამბულატორია გარემონტდა. 2020 წელს ხიდარში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით, ამბულატორიისთვის ინვენტარი შეიძინეს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენებულ ამბულატორიებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია.
ამბულატორიები, რომლებიც არასტანდარტულ შენობებში ფუნქციონირებენ, მეტად საჭიროებენ დახმარებას; მაგ. ფარცხნალში, ხიდარში, ვახანში ამბულატორიები ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული.

ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს ყოველწლიურად ვაწვდით ამბულატორიების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას. სოფლის საექიმო ამბულატორიებს თვითმმართველობა ინვენტარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ შეუძენს.

მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შარშან ამბულატორიების ინტერნეტიზაცია განხორციელდა და ამბულატორიებს ინტერნეტი შეუფერხებლად მიეწოდება. ამ მხრივ დროებითი პრობლემაა ფარცხნალში. წელს საქართველოში მოქმედ ყველა ამბულატორიას ჯანდაცვის სამინისტრო უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფს.

ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობა ზვარის ამბულატორიაშია. გეოლოგებმა უნდა დადგინონ, რამდენად მეწყერსაშიშ ზონაშია ეს შენობა. გეოლოგების დასკვნის საფუძველზე, ზვარეს საექიმო ამბულატორიის შენობას ან შევაკეთებთ ან სამომავლოდ გეოლოგიურად მდგრად ადგილას აშენებაზე ვიფიქრებთ“.

თამთა გოგოლაძე