
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დამთვალიერებლებს ქართველი მხატვრების ნამუშევრების სამი ახალი საგამოფენო სივრცე ელოდება.
„მხატვარ ლევან ცუცქირიძის მიერ გადმოცემული ნამუშევრები აღვწერეთ და პასპორტიზაცია გავაკეთეთ, – ამბობს მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე, – სამი საგამოფენო დარბაზი, სადაც 200-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი, დამთვალიერებლების მისაღებად თითქმის მზადაა“. მხოლოდ გასათვალისწინებელია, რომ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების შესაბამისად, დახურულ სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება.
– ქალბატონო ნინო, პანდემიამ შიდა ტურიზმი, აქედან გამომდინარე სამუზეუმო საქმიანობაც, დააზარალა. როგორ აპირებთ მუშაობის გამოცოცხლებასა და ვიზიტორების მოზიდვას?
– მალე ღია სივრცეში განვაახლებთ პროექტებს – „პატარა არქეოლოგები“, „მოხალისე გიდები“, „პატარა რესტავრატორები“, „ჩვენ ვხატავთ ანიმაციას“, „ფერწერული მუსიკა“, „ექსპონატით გაცოცხლებული ხარაგაულის ისტორია“, „შემოდგომა იმერეთში“, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“. ეს პროექტები მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მათი გარე სივრცეში განხორციელება არ გაგვიჭირდება.
აქტივობებს უმცროსკლასელებისთვისაც ვგეგმავთ. ისინი მულტფილმის გმირებს გააცოცხლებენ, გამოძერწავენ და დახატავენ. მაისში მუზეუმების კვირეულს აღვნიშნავთ. „მუზეუმების ღამეს“ ყოველთვის გამოვხატავთ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც გასული წლის განმავლობაში ექსპონატები შემოგვწირა.
ჩვენი მუზეუმისთვის „ვიდეო გიდის“ მომზადებას ვგეგმავთ. დამთვალიერებელი მუზეუმში მოსვლას თუ ვერ მოახერხებს, ექსპონატებს ვიდეოს საშუალებით გაეცნობა.
თუმცა, ვიდეო მაინც ვერ შეცვლის საკუთარი თვალით ნანახით მიღებულ შთაბეჭდილებასა და განცდას. სხვა მუნიციპალიტეტებიდან უკვე გვიკავშირდებიან და ხარაგაულის მუზეუმში სტუმრობა სურთ. რეკომენდაციების დაცვით, 10-10 დამთვალიერებლის მიღება შეგვიძლია.
– 2021 წელს მუზეუმისთვის გამოყოფილი დაფინანსება რამდენად საკმარისია თქვენი გუნდის გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად? მეტი დაფინანსების პირობებში რას გააკეთებდით?
– გასულ წლებში გაცილებით მცირე დაფინანსებით ვმუშაობდით. მუზეუმისთვის მეტი თანხაა საჭირო. თუმცა, არც არსებულზე გამოვთქვამთ დიდ პრეტენზიას.
2015 წელს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა ხარაგაულის მუზეუმის რეინოვაციის პროექტი წარმოგვიდგინეს. ის პროექტი მუზეუმის პირველ სართულზე დამატებითი ფართის მოშენებასა და საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას ითვალისწინებდა.
ამჟამად ჩვენი გალერეა ძალიან შემჭიდროვებულია. ჩვენთან წარმოდგენილ ექსპონატებს 7-8 დარბაზი მაინც სჭირდება, ჩვენ კი ისინი 3 ოთახში გვაქვს განთავსებული. ხარაგაულის მუზეუმის რეინოვაციის პროექტი, სამწუხაროდ, არ განხორციელდა.
ჩვენს მუზეუმში გათბობის სისტემა არ არის დამონტაჟებული; ტენიანობის კლიმატკონტროლი არ ხდება. დასავლეთ საქართველოში ტენიანობა მაღალია, რაც ექსპონატებს საფრთხეს უქმნის. მუზეუმის ერთი ფასადი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს.
გამოჩენილი ადამიანების დარბაზის გახსნიდან 40 წელი გავიდა და მას განახლება სჭირდება
– ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორი რას ნახავს ყველაზე მნიშვნელოვანსა და განსაკუთრებულს?
– ჩვენს მუზეუმში დაცულია ქვედა ცარცული ხანის (დაახლოებით 100-113 მილიონი წლის წინანდელი) ამონიტების ნიმუში, რომლებიც ახალი სარკინიგზო გზის მშენებლობის დროს აღმოჩნდა.
ხარაგაულის მუზეუმს, ისევე როგორც რეგიონების სხვა მუზეუმებს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. ისინი კონკრეტული რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენენ. ბევრი რეგიონის მუზეუმს არ აქვს იმდენი მასალა, რამდენიც ჩვენ. ხარაგაულის მუზეუმის დამთვალიერებელს 11 ათასზე მეტი ექსპონატის ხილვა შეუძლია. ახლა მათ ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები შეემატა.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება