
სოფლის განვითარების სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან.
ამ ცენტრის მთავარი სპეციალისტი ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებ დაინტერესებულ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შემოთავაზებულ პროექტებს აცნობენ და ტრენინგებს უტარებენ.
– სამშაბათობით სოფლებში უბან-უბან დავდივართ, ხუთშაბათობით კი – მოსახლეობას სხვადასხვა აგროკულტურების მოყვანის წესებსა და მეცხოველეობის დარგში არსებულ პრობლემებზე განმარტებებს ვაძლევთ, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე, – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებიდან უმრავლესობა შეჩერებულია. ჩვენ მოსახლეობას მხოლოდ იმ პროექტებს ვაცნობთ, რომელთა განხორციელებაც ხარაგაულშია შესაძლებელი. შეხვედრების ორგანიზებაში მერის წარმომადგენლები გვეხმარებიან, ვიცავთ პანდემიით დადგენილ რეგულაციებს.
წელს დიზელის ფასდაკლების პროგრამა გრძელდება, აგრობარათების პროგრამა – არა.
დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი.
დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – არაუმეტეს 15 000 ლ. ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა.
ფასდაკლების ბარათების მიღება შესაძლებელია საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში.
მეორე პროგრამა, რომელზეც მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაა. ამ პროგრამით ხარაგაულში 40-მდე ფერმერმა უკვე ისარგებლა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებაა – თუ ადრე კრედიტის ოდენობა 5 ათასი ლარიდან იწყებოდა, ახლა 30 ათასი ლარიდან იწყება. კრედიტის 15-16%-დან სახელმწიფო ფერმერს 11%-ს დაუფარავს. ეს დიდი შეღავათია და მოსახლეობა ინტერესს გამოხატავს.
ამჟამად ასევე მოქმედებს აგროდაზღვევა. თუ ფერმერები დაინტერესდებიან, მათთან ამ პროგრამის ფარგლებში ურთიერთობას ბანკები აგრძელებენ.
სიახლეა ის, რომ აპრილიდან მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა განახლდება. გასულ წელს ხარაგაულში ამ პროგრამაში ბორითიდან სამი ფერმერი ჩაერთო. ეს პროგრამა 2020 წლის 14 ივნისიდან შეჩერდა და განაცხადები მხოლოდ ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით მიიღებოდა.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამაში ჩართვა სამი-ხუთი მეწველი ძროხითაა შესაძლებელი. თანადაფინანსების თანხა სულადობის მიხედვით განისაზღვრება. ამ პროგრამით შესაძლებელია სადგომის გაფართოება-მშენებლობა, საკვების დასამზადებელი დანადგარების შეძენა.
ხარაგაულელი ფერმერები ბევრ პროექტში მცირემიწიანობის გამო ვერ ერთვებიან. სააგენტოსთვის წარსადგენ ყოველთვიურ ანგარიშებში ამას ყოველთვის აღვნიშნავ. პროექტში ჩასართავად საჭირო მიწის ფართის ზღვრული ოდენობის შემცირების საკითხს სხვა მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც აყენებენ. ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინეს და კენკროვანი კულტურების პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილება შევიდა. ახლა სამინისტროსგან შემოთავაზებულ პროგრამაში ჩასართავად მაყვლის, ჟოლოსა და მოცვის გაშენება 0,5 ჰა-ზეც არის მისაღები.
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ამ კენკროვანების გაშენებას, სარწყავი სისტემის მოწყობას, ადგილის შემოღობვას. ფერმერს მიწის ანალიზსა და აუდიტის დასკვნაში მოუწევს ფულის გადახდა, რაც, პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, უკან დაუბრუნდება.
„დანერგე მომავალის“ ფარგლებში კენკროვანი კულტურები ხარაგაულში 5 ჰექტარზე გაშენდება, მათ შორის ვარძიაში – 2 400 ჰა-ზე მოცვი. ჟოლოსა და მაყვალს ფერმერები ქვებში, კიცხში, ვარძიასა და წყალაფორეთში გააშენებენ.
პროექტების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან უახლოესი შეხვედრები 23 მარტს – ვარძიაში, ხოლო 30 მარტს ხიდარში გაიმართება.
ფერმერებთან ვმართავთ ტრენინგებს. 25 მარტს 11:00 საათზე დაგეგმილია ტრენინგი აგროკულტურების მოყვანის წესებსა და მეცხოველეობის დარგში არსებულ პრობლემებზე ლახუნდარაში არსენ თაბუკაშვილის მეურნეობაში, იმავე დღეს ხონში – გიული გაჩეჩილაძის თხილის ბაღში.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“