მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა სწავლა 15 მარტიდან განაახლა. ყველა წრე პირველივე დღიდან აქტურად შეუდგა საქმიანობას და ბავშვებიც ინტერესით ჩაერთვნენ მეცადინეობებში.

„პანდემიამ როგორც ყველა ორგანიზაცია, ჩვენც დაგვაზარალა, დაწესებულმა შეზღუდვების ფარგლებში შეძლებისდაგვარად ვმუშაობდით. თებერვლიდან ონლაინ მეცადინეობებს ვატარებდით, საახალწლოდ ჩვენს მაყურებლებს ონლაინ კონცერტი შევთავაზეთ. გავმართეთ ნამუშევრების დისტანციური გამოფენები.

სწავლის დაწყების შემდეგ ყველა წრემ სამუშაო გეგმა წარმოადგინა, რომლითაც დარჩენილი სასწავლო დროის განმავლობაში იხელმძღვანელებენ.  ვცდილობთ, ამ ცოტა დროში მაქსიმალურად ბევრი მოვასწროთ. უკვე დავგეგმეთ ღონისძიება „ჩაის დღე“, რომელსაც უახლოეს მომავალში გავმართავთ, ხატვის წრე კულტურისა და დასვენების პარკში ხატვის კონკურსს ჩაატარებს. საგალობლების წრე კი ღომეეთის ტაძრის ეზოში საგალობლების საღამოს გამართავს.

ვცდილობთ, მაქსიმალურად გავიდეთ სოფლებში და იქ მცხოვრები ბავშვები ჩვენს აქტივობებში ჩავრთოთ. ლეღვანში გვავქს ხალხური სიმღერის წრე,  მარელისის სკოლაში – ხის მხატვრული დამუშავების წრე, ბორითში – კომპიუტერული პროგრამების შემსაწავლელი წრე. მუსიკალური სტუდია – სოფელ ვერტყვიჭალაში.

მეტი დაფიინანსების პირობებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გათბობის პრობლემას მოვაგვარებდი, წლებია, უკვე შეშის ღუმელებით ვთბებით. შეშას შემოდგომაზე  ვამზადებთ, ყველა სამეცადინო ოთახში სითბო გვაქვს.  თუმცა  შენობაში ბუნებრივი აირის შემოყვანა აუცილებლობას წარმოადგენს.

მოსწავლეთა სახლში პედაგოგები შეთავსებით მუშაობენ ამიტომ არ ვთვლი, რომ დაბალი ხელფასები აქვთ. თუმცა სამუშაო საკმაოდ რთულია, აქ ყველა ვერ იმუშავებს. ყოველდღიურად პედაგოგმა ისეთი მეცადინეობა უნდა ჩაატაროს, რომ მოსწავლეს შემდეგში აქ მოსვლის სურვილი გაუჩნდეს. ეს სავალდებულო სასწავლო დაწესებულება არაა,  თუ მოსწავლე არ დააინტერესე, კონკურსებში შეჯიბრებებში, კონცერტებში არ ჩართე აღარ მოვა. მოსწავლეთა სახლში შემოქმედებითი მიდგომა აუცილებელია“, – ამბობს მაია ბლუაშვილი.

თამთა გოგოლაძე