კორონავირუსზე ვაქცინაციის პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი იცრება. ამისათვის ისინი სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

მეორე ეტაპზე ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები პირებისა და მათი მომვლელების ვაქცინაცია დაიწყება. ასევე იგეგმება სხვადასხვა ასაკობრივი პირების აცრა.

მესამე ეტაპზე სკოლის პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები აიცრებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ, შესაძლოა, ამ ჯგუფის ვაქცინაციამ წინა ეტაპზე გადმოინაცვლოს.

ზაფხულზე კი საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

„ექიმები ყოველთვის იდგნენ იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. ჩვენი ადგილი დღეს ამცრელ უბნებზეა. სამედიცინო პერსონალი თუ არ აიცრება, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მოხსნა გაჭირდება.

დროულად უნდა ავიცრათ, რომ ჩვენი აცრა სხვებისთვის მაგალითი იყოს. იჩქარეთ და ყველა დროულად აიცერით“, – ექიმებს აცრისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილ.

„ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდემია მალე დავასრულოთ,- ამბობს ამირან გამყრელიძე, – ვაქცინა 10 დოზიან ფლაკონებშია განთავსებული. მათ როდესაც ვხსნით, 10 ადამიანი უნდა აიცრას. სწორედ ამიტომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები იქნებიან რეზერვში, რომ არ მოხდეს ვაქცინის გაფუჭება.

სულ 3,9 მლნ ვაქცინის დოზა გვჭირდება 1,7 მლნ ადამიანის ასაცრელად. კოვაქს პლატფორმა 1,4 მლნ დოზას გვაძლევს. დანარჩენი კი ქვეყანამ უნდა მოიპოვოს“.

ლიკა ხიჯაკაძე