კოვიდინფექციის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. სწორედ ამიტომ წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა იგეგმება. მანამდე კი კვლავ აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდ შეკრებებზე უარის თქმა.

დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი 45%-ზე ჩამოვიდა. ეს ფაქტი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე უარყოფითად აისახება.

„ჩვენ რომ საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე,– საქართველოში დაახლოებით 3,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ზრდასრული მოსახლეობის 60% – 1,7 მილიონი ადამიანი წელს თუ ავცერით, პანდემიას დავამარცხებთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

ყველა უნდა ვეცადოთ, რომ სოლიდარულები და აქტიურები ვიყოთ. ვაქცინაციის სიკეთეში ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ვაქცინაციაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია.

სწორედ ვაქცინაციამ იხსნა და კიდევ იხსნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. მან დაამარცხა ყველაზე ვერაგი დაავადებები: ყვავილი, პოლიომიელიტი, ცოფი, ასევე სიმსივნის რამდენიმე სახეობა. ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ არ არსებობს“.

დღეს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 6 ვაქცინა გამოიყენება: ასტრაზენეკა, ფაიზერი, მოდერნა, რუსული სპუტნიკი, ჩინური სინოფარმი, ჩინური სინოვაკი და ინდური პოლაქსინი.

ამ ვაქცინებით მსოფლიოში დაახლოებით 381 მლნ ადამიანი უკვე აიცრა. აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაქცინების უმრავლესობა ორჯერად აცრას საჭიროებს. ისინი 3, 6, ან 12 კვირიანი შუალედებით უნდა გაკეთდეს.

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ვაქცინა 120 დღის შემდეგ უკეთდებათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 18 წელს ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან.

ლიკა ხიჯაკაძე