ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სპორტულმა სექციებმა, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა განაახლა.

სპორტსკოლაში მისულმა პირებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები: გაიარონ დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშაონ და ატარონ პირბადე.

ყოველდღიურად გაიწმინდება მოედნები და საჭიდაო ხალიჩა. შენობა კვირაში ერთხელ საფუძვლიანად  დასუფთავდება.

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი გრიგოლ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვარჯიშის პირველ დღეს ბავშვების საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათ გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ჩვეულ ფორმაში ჩადგნენ.

„ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ამჟამად სპორტის 15 სახეობის 27 სექცია ფუნქციონირებს, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – ყველა სექცია ამოქმედდა.

გოგონებისთვის ჩვენთან მოქმედებს კალათბურთის სექცია. გოგონები კიცხში აქტიურად არიან ჩართულნი მაგიდის ჩოგბურთში. ასევე გვყავს მოჭიდავე გოგონა ღორეშაში.

სპორტული სექციების ამოქმედებამდე ყველა მწვრთნელს გავაცანით საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები, გადავეცით სპორტული ინვენტარი. აქტიურად მოვემზადებით შეჯიბრებისთვის, რომელიც სპორტის იმ სახეობებში იმართება, რომლის შესაბამისი სექციებიც ჩვენთან ფუნქციონირებს. მთავარია, ეპიდსიტუაციამ შეგვიწყოს ხელი“, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი.

ლიკა ხიჯაკაძე