არამდგრადი ამინდის გამო, ხარაგაულში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.

სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრის წარმომადგენლის გერონტი (გია) დევდარიანის, ინფორმაციით, ზესტაფონის სერვისცენტრის ტექნიკით ხარაგაულში ფერმერებს წელს კვლავ მოემსახურებიან.

„ხშირად გვირეკავენ მცირე – 100-200 კვმ მიწის ფართობის დასამუშავებლად. ამისთვის ზესტაფონიდან ხარაგაულის სოფლებში მოსვლა არ გვიღირს. თუ რამდენიმე ფერმერი გაერთიანდება და მიწის დიდი ფართობი იქნება დასამუშავებელი, აუცილებლად მოვალთ“, – ამბობს გია დევდარიანი.

ხარაგაულში მცხოვრები ტრაქტორისტი ირაკლი ტაბატაძე ამბობს, რომ მიწას ხარაგაულში, ძირითადად, მინიტრაქტორებით ხნავენ: „წლების განმავლობაში, როცა მიწას პატარა ტრაქტორით ამუშავებ, მოსავალი მცირდება. საჭიროა დიდი ტრაქტორით მიწის ღრმად დამუშავება.

ზამთარში მიწები რამდენიმე ხარაგაულელს დიდი ტრაქტორით დავუმუშავე, ამ მიწებს გაზაფხულზე ხელახლა გადახნავენ. საგაზაფხულო სამუშაოებისათვის, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა. როგორც კი ამინდები დასტაბილურდება, სამუშაოებს გავაგრძელებ“.

სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრის  ტრაქტორით მიწის დამუშავების ფასები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ხარაგაულში ერთი ჰა მიწის დახვნა 100 ლარი ღირს. ამას ემატება ტრაქტორის ტრანსპორტირებისა და საწვავის ხარჯი. მიწის დამუშავების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გია დევდარიანს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 551 21 24 24.

ხარაგაულში სახნავ-სათესი მიწის საერთო ფართობი 3 856 ჰექტარია.

თამთა გოგოლაძე