სიმსუქნე, – ორგანიზმში გადაჭარბებული ცხიმის დაგროვება – ცხოვრებისა და კვების არასწორი წესით, ჭარბი წონის მიმართ გენეტიკური დამოკიდებულებითა და ენდოკრინული დარღვევებითა გამოწვეული.

კორონავირუსისი პანდემიამ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დარღვევის გამო, სიმსუქნის პრობლემა მეტად აქტუალური გახადა.

ჭარბი წონა მრავალი პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ებრძვის სიმსუქნეს. მის საწინააღმდეგოდ დიეტასა და ფიზიკურ აქტივობას მიმართავენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მეთოდები არაეფექტურია, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ქირურგიულ ჩარევასაც კი მიმართავენ.

ზედმეტი წონისგან გათავისუფლებული ადამიანები კი უფრო ხალისითა და მსუბუქად აგრძელებენ ცხოვრებას.

დავით მაჭავარიანმა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად და გასაჯანსაღებლად რადიკალურ ხერხს მიმართა. 30 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მხოლოდ გამოხდილ წყალს იღებდა, დღეში 3-4 ლიტრს. მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იყო დატვირთული ფიზიკურად.

ერთ თვეში 23 კგ. მოიკლო. სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, დიდი გზა განვლო. სიღრმისეულად გაეცნო ამ კუთხით არსებულ ლიტერატურას და საკუთარი თავი ფსიქოლოგიურადაც მოამზადა.

ათი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ შიმშილობდა. სპეციალისტები ურჩევდნენ, რომ მკაცრი დიეტა  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. დავით მაჭავარიანი კი ამბობს, რომ ეს მისი სხეულის გაჯანსაღებისთვის სწორად გადადგმული ნაბიჯი გამოდგა.

„არასდროს არ მქონია ისეთი წონა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. უბრალოდ, მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა და ჯანმრთელობა გამეუმჯობესებინა,- ამბობს დავით მაჭავარიანი, – ბუდისტებს ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ნაშრომი აქვთ. ასევე საინტერესოა პოლ ბრეგის „შიმშილობის თეორია“.

ამ თემაზე ლიტერატურას სიღმისეულად გავეცანი. წლების განმავლობაში ვამზადებდი ჩემს თავს ამ ნაბიჯისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ეს, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო.

ახლა, 30 დღის შემდეგ, საოცარ სიმსუბუქესა და ორგანიზმის გაჯანსაღებას ვგრძნობ. საკუთარი ორგანიზმის მართვა ვისწავლე. ამჟამად რეაბილიტაციის პერიოდს გავდივარ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს ვარწმუნებ, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ მოინდომებენ, ზედმეტი კილოგრამებისგან აუცილებლად გათავისუფლდებიან“.

ჭარბი წონა რუსუდან გიორგაძესაც აწუხებდა და ამიტომ მისი – მთელი 40 კგ-ის მოშორება გადაწყვიტა.

„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს თავიდან დავიბადე. წნევა აღარ მაწუხებს, შაქრის დონემაც დაიწია, ძალ-ღონე მომეცა. ასე მგონია, კი არ დავდივარ, არამედ დავქრივარ. მიუხედავად იმისა, რომ საკვებზე უარის თქმა რთულია, ჭარბწონიან ადამიანებს ვურჩევ, ყველა გზა მოძებნონ, რათა ზედმეტი წონისგან გათავისუფდნენ. წონას განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა მიაქციონ ყურადღება“, – გვირჩევს რუსუდან გიორგაძე.

„დავით აბულაძის ქართულ იტალიური კლინიკის“ სამედიცინო ხელმძღვანელი, პროფესორი დავით აბულაძე ამბობს, რომ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი მეტაბოლური სინდრომის დროს ჭარბი კალორიების მიღებაა.

ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესი და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს. შესაბამისად, რაც მეტია კალორია, მით უფრო რთულად ხდება მისი დახარჯვა. ადამიანი როდესაც კალორიას ვერ ხარჯავს, მცირე საკვებიც კი ზედმეტად მოქმედებს მასზე“.

დავით აბულაძის თქმით, სიმსუქნე ისეთ პათოლოგიურ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, უშვილობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ნაკლოვანება, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები. 60 %-ით ზრდის ჰორმონალური ტიპის ონკოლოგიურ დაავადებებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ჭარბწონიან ადამიანებში 15-20 წლით ნაკლებია.

„ცხოვრების წესის ცვლილება და კვების რეჟიმის დარეგულირება ჭარბი წონის მოშორების გასაღებია, – ამბობს დავით აბულაძე, – სხეულის მასის ინდექსი თუ 25-ს აღემატება, ადამიანი ჭარბწონიანად ითვლება.

ინდექსის გამოთვლა ხდება სხეულის მასის თანაფარდობით ადამიანის სიმაღლესთან.
ჩვენი მოსახლეობის 40-50 % -ის ინდექსი 25-ს აღემატება, თუმცა ეს არის მარტივი ჭარბწონიანობა.

პათოლოგიური ჭარბწონიანობის დროს ინდექსი 35-ს აღემატება. ადამიანი თუ 1.70 სმ-ია და იწონის 110 კილოს, მაშინ ეს უბრალოდ ჭარბწონიანობაა, ხოლო თუ მისი წონა 150 კილოგრამს აღემატება, მაშინ პათოლოგიურ ჭარბწონიანობასთან, ანუ სუპერ მორბიდულ სიმსუქნესთან გვაქვს საქმე.

ადამიანი თუ ვერ ახერხებს კვების რეჟიმის დარეგულირებას, ასევე  ცხოვრების წესის ცვლილებას და წონაში იმატებს, მაშინ ჩვენ – ქირურგებს უნდა მოგვმართოს. მარტივი ჭარბწონიანობის დროს კარგი გამოსავალია დიეტა. დიეტა თუ დაიწყო ადამიანმა, მთელი ცხოვრება უნდა გააგრძელოს. დიეტის ქვაკუთხედი სწორი კვებაა. დღეში 3-4- ჯერ ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე კალორაჟით უნდა ვიკვებოთ. კვებებს შორის შუალედი 4 საათი უნდა იყოს“.

სიმსუქნე იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ სიმსუქნის საერთაშორისო დღეც კი არის დაწესებული და ყოველწლიურად 4 მარტს აღინიშნება.

ამ დღის დაწესების მიზანია, გავარღვიოთ სირცხვილის წრე და შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება სიმსუქნით დაავადებული ადამიანების მიმართ.

ყველა ჭარბწონიან ადამიანს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას ვუსურვებთ.

ლიკა ხიჯაკაძე