ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ 2007 წელს ჩატარდა გამოკითხვა „სტრესი ამერიკაში“. გამოკითხვის მიხედვით დედები, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. „სენდვიჩის თაობას“, დაახლოებით 35-54 წლის ასაკში განიცდიან უფრო დიდ სტრესს, ვიდრე რომელიმე სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა, რომ ხუთიდან ორი მამაკაცი და ქალი ამ ასაკობრივ ჯგუფში თავს ძალიან დაძაბულად გრნობს, გამოკითხვა აჩვენებს, რომ უფრო მეტი ქალი, ვიდრე მამაკაცი განიცდის ექსტრემალურ სტრესს და ამბობს, რომ ძალიან უჭირს მასთან გამკლავება.
ადამიანების 40 % 35 დან 54 წლამდე მიუთითებს სტრესის ექსტრემალური დონის შესახებ (მაგ. 18-დან 34 წლამდე ასეთი განცდა 29%-ს აქვს, 55 წლის ზემოთ კი 25%-ს.) . 83 % ამბობს, რომ მეუღლესა და შვილებთან ურთიერთობა სტრესის მთავარი წყაროა, მაგრამ სტრესი მხოლოდ პირად ურთიერთობებზე როდი აისახება, არამედ მათ პირად კეთილდღეობაზე, როცა ისინი ცდილობენ იზრუნონ საკუთარ თავზე. ახლოვდება დედის დღე და დედებსა და მათ ოჯახებს მართებთ, გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია დედისათვის სტრესის მართვა და მასთან ჯანსაღად გამკლავება.
„არ არის გასაკვირი, რომ ამდენი ადამიანი ამ ასაკში სტრესს განიცდიდეს, – ამბობს ფსიქოლოგი ქეთრინ ნორდალი, ფილოსოფიის დოქტორი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პროფესიული პრაქტიკის დარგში, – „ერთი მხრივ მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მეორე მხრივ კი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ფინანსური საზრუნავი, რომელიც შვილების კოლეჯში სწავლასთან არის დაკავშირებული და დანაზოგის გაკეთება საკუთარი საპენსიო ასაკის გათვალისწინებით – ეს მეტისმეტია! “
დედებისათვის სტრესის დაძლევაში დასახმარებლად ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) გვთავაზობს შემდეგ სტრატეგიებს:
განსაზღვრეთ სტრესორები – რა მოვლენები და სიტუაციები იწვევენ სტრესულ განცდებს?
ეს უკავშირდება თქვენს შვილებს, ოჯახის ჯანმრთელობას, ფინანსურ გადაწყვეტილებებს, სამსახურს, პიროვნულ ურთიერთობებს თუ კიდევ სხვა რამეს?
გააცნობიერეთ, როგორ უმკლავდებით სტრესს. არაჯანსაღ მეთოდებს ხომ არ მიმართავთ იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ თქვენი შვილებისა და მშობლების მხარდაჭერით გამოწვეულ სტრესს, და ეს კონკრეტულ მოვლენებსა და სიტუაციებს უკავშირდება?
განიხილეთ საკითხი პერსპექტივაში და დრო დაუთმეთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. განალაგეთ პრიორიტეტები და გადაანაწილეთ მოვალეობები სხვებზეც (მოახდინეთ დელეგირება). განსაზღვრეთ, როგორ შეუძლიათ თქვენს ოჯახსა და მეგობრებს, შეამცირონ თქვენი წილი დატვირთვა, რათა შეძლოთ დასვენება.
გადადეთ და უარი თქვით შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე.
მოძებნეთ სტრესთან გამკლავების ჯანსაღი მეთოდები, როგორიცაა სეირნობა, სპორტი, საუბარი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. გაითვალისწინეთ, რომ მავნე ჩვევა დროთა განმავლობაში ისე განტკიცდება, რომ სულ უფრო მეტად გაგიჭირდებათ მასთან გამკლავება. შეცვალეთ ერთი მცდელობისას თქვენი ქცევის მხოლოდ ერთი ასპექტი.
თავს გაუფრთხილდით, სწორად იკვებეთ, გამოიძინეთ, დალიეთ ბევრი წყალი, რეგულარულად ივარჯიშეთ – მაგ. იარეთ, დაკავდით იოგით ან კვირაში ერთხელ ითამაშეთ სოფთბოლი შეინარჩუნეთ ურთიერთობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან.
იმის მიუხედავად, რამდენად დაძაბულია ცხოვრება, უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე – ეს მოიცავს საკუთარი თავისათვის დროის დათმობას – იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ გონებრივი და ფიზიკური ენერგია, რაც ისევ თქვენს მშობლებსა და შვილებზე ზრუნვისათვის გამოგადგებათ.
მიმართეთ პროფესიონალურ დახმარებას.
მეგობრებისა და ნათესავების მხრიდან მხარდაჭერის მიღება სიძნელეებისადმი თქვენს მდგრადობას გაზრდის. თუკი მაინც გექნებათ სტრესული განცდა ან არაჯანსაღი ქცევებითა და მავნე ჩვევებით შეეცდებით სიტუაციასთან გამკლავებას, გაესაუბრეთ ფსიქოლოგს, რომელიც შფოთვის გამომწვევ ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს თავის მხრივ სტრესისა და მასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევებისაგან თავის უკეთ დაღწევაში დაგეხმარებათ.
„დედები პირველ ადგილზე ხშირად ოჯახის მოთხოვნილებებს აყენებენ, საკუთარს კი უგულებელყოფენ“ – ამბობს ნორდალი. „დედებმა უნდა დაძლიონ სტრესი საკუთარი სიჯანსაღისა და გარშემომყოფებისათვის. ის, თუ როგორ უმკლავდება სტრესს დედა, ზოგჯერ მაგალითია მთელი ოჯახისათვის – დანარჩენებიც ბაძავენ და იმეორებენ მის ჯანსაღ თუ არაჯანსაღ ქცევას“.