კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად უმთავრესი გამოწვევა COVID-19-ის ვაქცინის დროული მიღება და ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმით განსაზღვრული მოსახლეობის ჯგუფების აცრაა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი ეტაპის დაწყების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის შეძლებს ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის მიღებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინების მისაღებად, იყენებენ რამდენიმე ოფიციალურ არხს, მათ შორისაა, მომწოდებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ევროკავშირთან თანამშრომლობა და „კოვაქს პლატფორმა“ (ჯანმო-სა და ვაქცინების გლობალური ალიანსი).
„კოვაქს პლატფორმასთან“ აქტიური კომუნიკაციის შედეგად, საქართველომ 2020 წლის წლის შემოდგომაზე გააფორმა ხელშეკრულება და მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზების შესასყიდადს 5.3 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროსგან გავრცელებულ ინფორმაციაში, – 29 იანვარს საქართველომ ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „ფაიზერისგან“ 29 250 დოზის, ხოლო „ასტრა ზენეკასგან“ 180 000-დან 315 000-მდე დოზის ეტაპობრივად მოწოდების შესახებ დასტური მიიღო.
22 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქს პლატფორმისგან“ მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია „ფაიზერმა“ გარკვეული მოთხოვნები დაამატა და პასუხისმგებლობის ფინანსური გადაზღვევა მოითხოვა.
ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც ელოდება „ფაიზერისგან“ და „კოვაქსისგან“ სატელეფონო კომუნიკაციის საკითხზე ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ მოხდება იმ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც მათ ჩამოაყალიბეს“.
ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ახლა მთავარია არა ის, თუ როდის შემოვა ვაქცინა, არამედ როგორ წარიმართება ვაქცინაციის პროცესი.
აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ ვაქცინას მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ.
„იმ ქვეყნებმა, რომელთაც ვაქცინის შექმნაში ფული არ ჩაუდიათ, როგორც ეს ამერიკამ და ევროკავშირის ქვეყნებმა გააკეთეს, ჯერ ვაქცინა ვერ მიიღეს, – ამბობს აკაკი ზოიძე, – უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყოს. უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომლებიც ყოყმანობენ ან უარს ამბობენ ვაქცინაზე, რომ აცრა აუცილებელია.
საქართველოს მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ შემაწუხებელ და დამთრგუნველ შეზღუდვებს, რამაც ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ქვეყნის ეკონომიკისა და თითოეული ჩვენგანისათვის.
ვაქცინაციის შემდეგ ან საერთოდ არ დაგვემართება კოვიდი, ან თუ დაგვემართება, იოლ ფორმებში გადავიტანთ. 250 მილიონ ადამიანზე მეტმა უკვე აიცრა და სერიოზული გვერდითი ეფექტი არ დაფიქსიებულა. ის, ვინც აცრილია, სრული გარანტია აქვს, რომ კორონავირუსისგან არ დაიღუპება.
სახელმწიფოს დასჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ 6-7 თვის განმავლობაში ათასობით და ათი ათასობით ადამიანის აცრა შეძლოს. ეს ნამდვილი გამოცდა იქნება და აქ უნდა გამოჩნდეს სახელმწიფოს მზაობა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში მასობრივი აცრები მაის-ივნისში უნდა დაიწყოს. მანამდე ასაღელვებელი არაფერია. აი, მერეც თუ დაგვიანდა მასობრივი ვაქცინაცია, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება.
ვაქცინის მიღების შემდეგ სახელმწიფოს შნოსა და ლოჯისტიკაზეა დამოკიდებული, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დროულად და ეფექტურად ავცრათ. ეს არის უფრო დიდი გამოწვევა და არა ის, ერთი კვირით ადრე შემოვა ვაქცინა თუ გვიან“.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.