საქვეყნოდ ცნობილი, ყველასათვის საყვარელი, ულამაზესი დაუკვდავი სიმღერების ავტორი კომპოზიტორირუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე ჩვენი საახალწლო ნომრის სტუმარია. ქალბატონი მაცაცო უბისელია. მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე უბისის ეკლესიის მგალობლები ყოფილან. ერთხელ, ეკლესიის მონახულებისას, თამარ მეფეს უბოძებია მათთვის გვარი სეფისკვერაძე.

ქალბატონი მაცაცო საუბრის დროს, როცა სიმღერების შექმნის ისტორიას მიამბობდა, როიალთან მღეროდა. რა დასანანია, რომ გაზეთის ფურცლებიდან მკითხველამდე ვერ მიმაქვს ის ემოცია, რაც ამ დიდებული კომპოზიტორის სიმღერების მოსმენისას განვიცადე…

„ბაბუაჩემი უბისიდან ზესტაფონში გადავიდა საცხოვრებლად, – გვიამბობს ქალბატონი მაცაცო, – მამაჩემი ზესტაფონშია დაბადებული. დედაჩემი კვალითელია. ჩემი დიდი წინაპრებიდან ყველა იმერელი ყოფილა. ასე რომ, მე სუფთა სისხლის იმერელი ვარ. დასავლეთ საქართველოში მგზავრობისას ყოველთვის შევდივარ უბისის ეკლესიაში. ვგიჟდებიიმერეთსა და იმერლებზე. იმერულად რომ მოუქცევს ვინმე, ისე სასიამოვნოდ ესმის ყურს, გავჩერდები ხოლმე, ცოტა ხანს მინდა, რომ ვუსმინო…“

ქალბატონო მაცაცო იხსენებს, რომ სიმღერა ლაპარაკთან ერთად დაიწყო. მშობლებმა მუსიკალურ ათწლედში მიიყვანეს. კარგად ახსოვსმისაღები გამოცდები. აბა, მაცაცო, რას იმღერებ ახლა შენო, – უკითხავს სკოლის დირექტორს. „დაისის“ შესავალსო – იყო პასუხი. „არასოდეს დამავიწყდება გამომცდელების გაკვირვებული მზერა. ამას არავინ ელოდა, – გვიამბობს ქალბატონი მაცაცო, – რა თქმა უნდა, კარგად ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში. ძალიან ბეჯითი და მონდომებული ვიყავი. ისე ვერ ისწავლი მუსიკას.

ერთ დღესაც მუსიკალურ სკოლაში კულტურის სამინისტროდან არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგი ნათელა კენჭიაშვილი ჩამოვიდა შემოწმებაზე. მე რომ მომისმინა, სკოლის დირექტორს უთხრა, ძალიან კარგი ბავშვია, პატრონს დაელაპარაკეთ და თუ აქვთ შესაძლებლობა, თბილისის ნიჭიერთა ათწლედში ისწავლოსო. ჩემმა მშობლებმა აიტაცეს ეს იდეა და მეექვსე კლასიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად.

ნიჭიერთა ათწლედის დამთავრებისთანავე კონსერვატორიაში ჩავაბარე. ქალბატონი ნათელას ხელმძღვანელობით გავაგრძელე საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლა. ათწლედში ძალიან კარგად ვსწავლობდი თეორიულ საგნებს. ამან განაპირობა ის, რომ მე კომპოზიციას იოლად დავეუფლე. როცა ვისმენ ახალ სიმღერას, მაშინვე ვხვდები, თუ არაპროფესიონალის დაწერილია.

ყველა სიმღერაში შენი სურნელი უნდა მიიტანო. კომპოზიტორირომ გერქვას, რაღაც შენეული უნდა გქონდეს, შენი აკორდი და ხელწერა.

-ქალბატონო მაცაცო, როდის დაწერეთ პირველი სიმღერა?

-კონსერვატორიაში პირველი კურსიდან დავიწყე სიმღერების წერა. სიმღერა სულ ჩემთან იყო, სულ ვმღეროდი, ყველა ხმის შესრულება შემეძლო. სერიოზული და პირველი სიმღერა მედეა კახიძის ლექსზე შევქმენი. ლექსი, რა თქმა უნდა სიყვარულზეა. აბა, 19 წლის გოგოს სხვა რა თემა მომეწონებოდა. ლექსში საოცარი სიტყვებია – „მე ვარ ახლადგამომწვარი დედამიწა და შენს ირგვლივ დღე და ღამე ვბრუნავ.“ მალე აიტაცეს ეს სიმღერა და მაშინვე პოპულარობა მომიტანა. მედეა ძიძიგური და მანანა შარაშიძე დუეტში მღეროდნენ. ეს 1965 წელს იყო. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ… 50 წელია სიმღერას ვწერ.

-როგორ იქმნება სიმღერა – ჯერ ლექსი მოგწონთ თუ ჯერ მუსიკას ქმნით?

-ვერ წარმომიდგენია, რომ ჯერ მუსიკა დავწერო და მერე ვეძებო ლექსი. სიმღერას ყოველთვის სიტყვების გულისთვის ვწერ. მეორე სიმღერაც მედეა კახიძის ლექსზე დავწერე. საოცარი სიტყვებია – ვარსკვლავების ჩიხტიკოპით დახურული საქართველოს მადლიანი მიწა. ამაზე უკეთესი რა უნდა თქვა.

პოეზია ძალიან მიყვარს. მას შემდეგ, რაც სიმღერის წერა დავიწყე, ძირითადად ლექსებს ვკითხულობ. კრებულში ყველა ლექსი უნდა წავიკითხო, რომ სასიმღერო აღმოვაჩინო.ერთ ლექსში ვიპოვი ორ სტროფს, შემდეგ კიდევ სხვაგან ორ კუპლეტს. მერე ამოვწერ, რაც მომეწონა, ერთმანეთთან ვაჯერებ შინაარსობრივად და რითმით. დავალაგებ და 15 წუთში ვწერ სიმღერას.

-სიმღერას რომელიმე კონკრეტული მომღერლისთვის წერთ?

-აუცილებლად. სიმღერა მაშინ გამოდის კარგი, როცა მას ასრულებს სწორედ ის მომღერალი, ვისაც ეს სიმღერა უხდება. ეთერ კაკულიასავით ვერავინ იმღერებდა „და მე არ მინდა სხვა ნეტარება.“ კონკრეტულადმისთვის დავწერე. სხვა მომღერალი იმხელა მასშტაბს ვერ მისცემდა ამ სიმღერას, რაც გააკეთა ეთერიმ. არაჩვეულებრივი იყო ეკა მამალაძისა და გოგი დოლიძის დუეტი. ყველა სიმღერა, რაც მათ შეასრულეს, ჩემი დაწერილია. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და მე გავაცანი სიმღერით „მინდვრად დაგიჭერ პეპელას.“ ეკა სულ ამბობს, მაცაცომ გამხადა პოპულარულიო.

თინა მღვდლიაშვილმა ტელეფონზე მიკარნახა ლექსი „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო.“ იმ წუთას ვიფიქრე, რომ ამ ლექსზე დაწერილი სიმღერა მოუხდებოდა ლეგენდარულ მომღერალ ზაურ ბოლქვაძეს, მის ხმას საზღვარი არ ჰქონდა.

ნუკრი კაპანაძეზე უკეთ იმერეთზე სიმღერას ვერავინ მღერის. ყველა მომღერალი ერთნაირად მიყვარს. 350 სიმღერა მაქვს დაწერილი. ჩანიშნული მაქვს ყველა მათგანის შექმნის დრო, რიცხვი, პოეტი, სიმღერის სათაური.

ამ ბოლოს თინამღვდლიაშვილმა დამირეკა, – 23 წლის წინ შენთან სატელეფონო საუბარი კარგად დავცადე და ახალ ლექსს ჩაგაწერინებო. მიკარნახა ლექსი, სადაც კაცი ქალს უმღერის, ღმერთმა ჭრელ კაბაში დაგაბეროსო. საქართველოზე დავწერეკიდევ ერთი სიმღერა. მომავალ წელს ვამეცადინებ ანსამბლ „შვიდკაცას“ და შეიძლება ჩემი ახალი სიმღერები ანსამბლ „ქართული ხმებსაც“ შევთავაზო.

-ქალბატონო მაცაცო, ოჯახი როგორ შექმენით?

-სუფრაზე ვიყავი დაპატიჟებული და ვიმღერე, – „დელი დელი დელასა, მირჩევნიხარ ყველასა. ჩემი მომავალი მეუღლეც ყოფილა თურმე ამ სუფრაზე თავის დირექტორთან ერთად. შენზე მღერის ის გოგონაო, უთქვამს. ამ სიმღერამ „დამღუპა,“ – გადამეკიდა მეგრელი კაცი და შეაწრიალა მთელი თბილისი, რომ მოვეყვანე. ჩემი მეუღლე ტექნიკურ მეცნიერებათადოქტორი და აკადემიკოსია.

-გყავთ ორი არაჩვეულებრივი შვილი  დათო და მარიამ გერსამიები.

-მადლობა უფალს, რომ მართლაც წესიერი, პატიოსანი, მშრომელი, მოსიყვარულე შვილები მყავს. ორივემ კარგი ოჯახი შექმნა, 2-2 შვილი ჰყავთ. მაგიჟებენ შვილიშვილები.ჩემ შვილებს არაჩვეულებრივი სმენა აქვთ და კარგი მუსიკოსები დადგებოდნენ, მაგრამ მე ვერ გავიმეტე ამ მძიმე ტვირთისთვის.

დათოს უნდოდა სადირიჟოროზე ჩაბარება. მღეროდა ძალიან კარგად. ზურიკო ანჯაფარიძემ მოუსმინა და ურჩია, ვოკალზე ჩააბარეო. მე ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი. ეს გზა რომ აირჩიო, უნდა მოწყდე ყველაფერს. წარმატებას დიდი შრომა უნდა. დათომ უნივერსიტეტში ჯერ უცხო ენების ფაკულტეტი, შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ტელესარეჟისორო დაამთავრა. ინგლისში ისწავლა კინოდა ტელერეჟისურა. ახლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისმთავარი რეჟისორია.

მარიკა არის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

ერთი რამ არის საყურადღებო – როცა მშობელი კომპოზიტორია და შვილიც მის გზას აირჩევს, ვერ გამოდის მშობლის ჩრდილიდან. დავუშვათ, დათუნა სადირიჟოროზე წასულიყო, მე ვერაფერს გავუკეთებდი, დიდი სიძნელეები შეხვდებოდა, არავინ მიუშვებდა ორკესტრთან. ჩვენ ქვეყანაში ხელოვნებას ნაკლები ყურადღება ექცევა. თვეები გადის და ფილარმონიაში კონცერტი არ ჩატარდება. ადრე ოთხი თვით ადრე უნდა დაგეჯავშნა კონცერტის დღე. ახლა ეს ძალიან ძვირი ჯდება. ბილეთირომ სრულად გაყიდო, კონცერტისთვის საჭირო მეოთხედ ხარჯს ვერ აგინაზღაურებს. არ არის ხელშეწყობა. ამიტომ ძნელია მუსიკოსობა და ხელოვანის ცხოვრება.

-სამაგიეროდ არის ხალხის უსაზღვრო სიყვარული.

-ეს ერთადერთია, რაც გვაძლებინებს. ყველგან სიყვარულითა და პატივისცემით მხვდებიან.

-თქვენ ბრძანეთ, რომ ძნელია ხელოვანის ცხოვრება. ჩემი ბავშვობისდროინდელი გადაცემა მახსოვს თქვენი მონაწილეობით, სადაც არაჩვეულებრივი კომპოზიტორი გამოჩნდით როგორც შესანიშნავი დიასახლისი. როგორ ახერხებდით ყოფილიყავით წარმატებული შინ და გარეთ?

-მეც მიჭირდა. რაღაც საქმეს, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი და ამას განვიცდიდი. მერე მივხვდი, – რაც უნდა ღმერთს, რომ შენ გააკეთო და დატოვო, ამას ყველანაირ პირობებში დაგატოვებინებს და დაგაწერინებს. ერთხელ მარიკა და დათუნა მიმყავს კონცერტზე. წინა დღეებში დავამუშავე დათო მაღრაძის ლექსების კრებული და მის პოემაში მივაგენი არაჩვეულებრივ სიტყვებს – „მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს, ამაღამ არც ეგ გამიკვირდება.“ უკვე გავდივართ სახლიდან და მოვიდა მუსიკის რითმი. მაშინვე დავჯექი როიალთან. ბავშვები მიყვირიან, კონცერტზე გვაგვიანდებაო. ვეუბნები, დამაცადეთ ათი წუთი-მეთქი. მართლაც ათ წუთში დავწერე სიმღერა.

-საახალწლოდ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია?

-ბავშვობაში რასაც ბებია და შემდეგ დედა აკეთებდა ბედობა დღეს, მეც იმავეს ვაკეთებ. მაქვს ჩემი რიტუალები საახალწლოდ – ხუთი წუთი რომ დააკლდება 12 საათს, ვჯდები მაგიდასთან და ვწერ იმ სურვილებს, რომლებიც მინდა რომ ახალ წელში ამიხდეს. ამას ვაკეთებ უკვე 50 წელია. წინასწარ არ ვფიქრობ, რა უნდა დავწერო, რაც იმ დროს მომივა თავში, იმას ჩამოვწერ. შემდეგსურვილების ფურცელს მთელი წელივინახავ. 12 საათზე ვჯდები როიალთან და ვუკრავ. მერე დავილოცები, სანთელს ავანთებ. ძალიან მახარებს, რომ რამდენიმე ათეული წელია, ახალ წელს პატრიარქი გვილოცავს და გვლოცავს.

-თქვენი ფესვები უბისაშია. რა გრძნობა გაქვთ ხარაგაულის მიმართ?

-არასდროს ვყოფილვარ სოფელ უბისაში. მეუბნებიან, რომ საოცრად ლამაზია ჩემი სოფელი. დასავლეთ საქართველოსკენ როცა მოვხვდები, ჩემი წინაპრების ეკლესიაში ყოველთვის შევდივარ.

განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმერლების მიმართ. იმერეთში ჰაერს სხვანაირი სუნი აქვს. იმერეთის ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ ჩემს შეგნებაში ყველაზე პატიოსანი, კეთილსინდისიერი, სპეტაკი და წესიერი ხალხი ცხოვრობს ხარაგაულში. ის თვისებები, რისთვისაც ნამდვილი იმერელი გიყვარს, მხოლოდ ხარაგაულელებს აქვთ. ბავშვობიდან მაქვს ეს განცდა.ხარაგოულიდან თუა, კაი იქნება, აბა რაო, – ასე მახსოვს ხარაგაულელების ქება. ამიტომ განსაკუთრებული პატივისცემა და მოწიწება მაქვს ხარაგაულის მიმართ.

-ქალბატონო მაცაცო, რას უსურვებთ ხარაგაულელებს?

-ხარაგაულსა და ხარაგაულელებს სჭირდება დიდი ყურადღება. მიყვარხართ ძალიან და მინდა,ისე იცხოვროთ, როგორც გეკუთვნით – ლაღად და ბედნიერად. ღმერთმა ბარაქა და სიხარული მოგცეთ. თუ რამე კარგ ლექსებს მომაწოდებ ხარაგაულზე, დავწერ სიმღერას. ამით მომეცემა საშუალება, რომ ჩემი სიყვარული და განწყობა გადმოგცეთ. შემახვედრეთ ხარაგაულელებთან…

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე ქალიშვილ მარიამ გერსამიასთან და შვილიშვილ გიორგისთან ერთად