საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების  საკითხზე გუნდთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მიიღო.

„დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, არც ერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან პოლიტიკური ორიენტაციისა, თითეული ჩვენი მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.

ამიტომ, იქედან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის”, – თქვა გახარიამ.