10 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 14 წლის მოზარდმა გოგონამ, ნინიმ.

გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მასზე რამდენიმე წლით უფროსი მამაკაცის მხრიდან. ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნა თავი.

ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ პოლიციამ დეკემბერში უკვე იცოდა, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე იძალადეს. ნინი პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავდათ, ჩაუტარდა ექსპერტიზა და სავარაუდო მოძალადის ვინაობაც იმავე დღეს დაადგინეს. დამნაშავე პოლიციას არ დაუკავებია და ამ ხნის განმავლობაში მას შეეძლო, ზეწოლა განეხორცილებინა მოზარდზე. 14 წლის გოგონა მამით ობოლი იყო, დედა კი ემიგრაციაში იმყოფებოდა. იგი ბაბუასთან ერთად იზრდებოდა და მეთვალყურეობას სოციალური მუშაკი უწევდა.

სკოლებში სწავლა 1 თებერვალს განახლდა, მაგრამ ნინი იქ არ მისულა. სექსუალური ძალადობის შესახებ როდესაც გაიგეს, მოზარდის ბიძები და ბაბუა ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვს, რადგან თურმე მან ოჯახს „სირცხვილი მოუტანა“.

შეიძლება ითქვას, რომ მოზარდი საზოგადოებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების გულგრილობის მსხვერპლი გახდა. ოჯახმა, პოლიციამ, სოციალურმა მუშაკმა, სკოლამ, ახლობლებმა, – ყველამ იცოდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, მაგრამ ნინისთვის არავინ მოიცალა.

ამავე დროს, პრობლემა იკვეთება საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნებაშიც. ოჯახები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გარეშე პირთა აზრს და არა თავად მსხვერპლს, რომელსაც იმ მომენტში განსაკუთრებული ფსიქოლოგიური თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. ორმაგად დიდი ყურადღებაა საჭირო მაშინ, თუ დაზარალებული მოზარდია.

ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით იკვეთება სხვა პრობლემებიც. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით შესწორებას საჭიროებს. ასევე გაუმართავია სხვადასხვა ინსტიტუტის მუშაობა, რომელთა მიზანიც მოზარდის დაცვა უნდა იყოს; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მსხვერპლია. გასათვალისწინებელია სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებიც.

საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 14 წლის მოზარდის ტრაგედიას, რომელმაც უახლოეს მომავალში აღმოსაფხვრელ პრობლემებს ფარდა ჩამოხსნა.

„ნინის გამო შეძრწუნებულია მთელი საქართველო, მაგრამ მხოლოდ შეძრწუნება არ გვიშველის, – ამბობს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერი მანანა ტაბაშიძე, – თითოეული ახალგაზრდა უნდა იყოს საზოგადოებისა და ქვეყნის საფიქრალი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი გულგრილობით ადამიანები არ გამოგვაკლდეს.

ნინის შემთხვევაში მე სკოლის პასუხისმგებლობას ვხედავ. სკოლამ უნდა იცოდეს, მისი მოსწავლე რატომ არ დადის. დამრიგებლის საქმე მეტი რა არის?!

ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალადობა ცუდია. ეს ოჯახში აღზრდაზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებით თანავუგრძნობ იმ ბავშვებს, რომლის მშობლებიც ემიგრანტები არიან. არასრულწლოვანი შვილების დედამ საზღვარი არ უნდა გადაკვეთოს, განსაკუთრებული საბუთების წარდგენის გარეშე, – ემიგრანტი მშობლის შვილი სამშობლოში დაცული უნდა იყოს და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ძალიან დიდი მუშაობაა ჩასატარებელი ბევრი მიმართულებით.  დღეს ძალიან ცუდი სოციალური ფონია და ეს უწყობს ხელს ასეთი ფაქტების პროვოცირებას.

ბევრი ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვი ბოლო უნდა იყოს და ეს ფაქტი საზოგადოების გამოფხიზლების საწინდარი უნდა გახდეს“.

„ეს ტრაგედია საზოგადოების, სკოლის, ოჯახის ბრალია. ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური მომენტები იკვეთება. ამას ძალიან დიდი ანალიზი და შესწავლა სჭირდება, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, – ჩემი აზრით, მხოლოდ სახელმწიფო კი არა, არამედ ოჯახს, სკოლასა და ზოგადად, საზოგადოებას მიუძღვის დანაშაული ამ კონკრეტულ ფაქტში. ბავშვებისთვის ყველგან სათანადო პირობები უნდა იყოს შექმნილი. საზოგადოებაში დიდი აგრესია და უარყოფითი ემოციებია, ნიჰილიზმია გამეფებული. ეს ყველაფერი ადამიანებზე მოქმედებს. საზოგადოება ასეთ ტრაგიკულ ფაქტებს წინ უნდა აღუდეს; ადამიანები, განსაკუთრებით კი მოზარდები ასეთ მდგომარეობამდე არ უნდა მივიყვანოთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერული თანასწორობის  საკითხებში, ინგა ბერაძე ამ კონკრეტულ ფაქტში ყურადღებას საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნებაზე ამახვილებს:

„ამ კონკრეტულ საქმეში ჩართული იყო სხვადასხვა უწყება. ამის მიუხედავად, მაინც მძიმე შედეგი დადგა. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს და ვისი ბრალეულობაა, უნდა დადგინდეს. ვფიქრობ, რომ ძირითადი „ბრალეულობა“ ცნობიერების ნაწილშია. ბავშვთან როდესაც გვაქვს საქმე, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და არა იქედან, თუ რას იტყვის საზოგადოება და რას ფიქრობენ, თუნდაც მეზობლები. ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება.

ვუერთდებით ასდღიან კამპანიას, #ნინისთვის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო და მიმდინარეობს. ამ გამოხმაურებაშიც ძალიან მოზომილები უნდა ვიყოთ და სწორი მესიჯები გამოვკვეთოთ. საუბარი და ინფორმირება არის ყველაზე კარგი წამალი ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი დარგის სპეციალისტებთან ერთად და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საინფორმაციო კამპანიაში“.

ლიკა ხიჯაკაძე