ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (უფროსი მამუკა ჭიპაშვილი) ინიციატივითა და მხარდაჭერით 14 დეკემბერს ხარაგაულში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ახალი თაობა მშვიდობიანი ცვილებებისთვის.“

 

ტრენინგი, კავკასიის ახალგაზრდული ცენტრის პრეზიდენტ გიორგი აზარიაშვილის ხელმძღვანელობით, ამავე ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობდნენ ხარაგაულის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.

კავკასიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი აზარიაშვილის თქმით, ეს ორგანიზაცია უკვე ორი წელია ფუნქციონირებს საქართველოში და ბევრი პროექტი განახორციელეს. ორგანიზაციის მთავარი მისიაა ახალგაზრდობის ჩართვა მიმდინარე პროცესებში, მათში სამოქალაქო კულტურის განვითარება და თვითცნობიერების ამაღლება.

„ჩვენი ერთ-ერთი პროექტის „მასტერფის საქართველო,“ მთავარი მიზანია მშვიდობიანი გზებითა და მშვიდობიანი პროცესებით სახელმწიფოებსა და მსოფლიოში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა,“ – ამბობს გიორგი აზარიაშვილი.

ტრენინგის „ახალი თაობა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო საზოგადოების როლს, ძალადობის გავლენას მოქალაქის ცნობიერების ფორმირებაზე. ახალგაზრდებმა შრილანკის მოქალაქისგან მოისმინეს შრილანკის ისტორია და კულტურა. გაეცნენ მსოფლიო ლიდერების როლს მსოფლიო ქვეყნების განვითარებაში. განიხილეს მსოფლიო ლიდერების ცხოვრება და მოღვაწეობა. ისაუბრეს განათლების როლზე მშვიდობიანი, უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ ტრენინგის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შეატყობინეს. „ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი რამ გავიგეთ. უცხოელმა სტუმარმა საინტერეოდ ისაუბრა თავისი ქვეყნის, შრილანკის, შესახებ. ღონისძება ძალიან მომეწონა. იმედია, კიდევ გვესტუმრებიან და გვესაუბრებიან მსგავს თემებზე,“ – ამბობს სალომე.

საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგი ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ღონღაძისთვისაც: „გავიღრმავე ცოდნა უამრავ საკითხზე. მინდა ამ ჯგუფთან ერთად მომავალშიც გავაგრძელო მუშაობა. ვფიქრობ, ასეთი პროექტები ხარაგაულში ხელს შეუწყობს ბავშვების ცნობიერების ამაღლებას“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და  ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ბერიკა თურმანიძე ამბობს, – როდესაც ამ ორგანიზაციის შესახებ გავიგეთ, დავუკავშირდით მის ხელმძღვანელს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ტრენინგი ჩატარდა, მონაწილეებიც კმაყოფილები არიან. იმედი მაქვს აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან.

თამთა გოგოლაძე

treningi2

treningi3