სასულიერო და საზოგადო მოღვაწე სიმონ მჭედლიძე იმერეთის ეპარქიაში დიდი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობდა.

1901 წელს იგი იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად დაინიშნა.

1908 წლიდან ის იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა „შინაური საქმეები“;  აგრეთვე, დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა „განთიადი“. თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სტამბა „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა“, რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა.

მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის შვილიშვილი, პროფესორი დამანა მელიქიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ  მათ ოჯახში ოდითგანვე  არსებობდა ერთი ტრადიცია.

„15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულს ემთხვეოდა ბაბუას დაბადების დღე. მისი შვილები და შვილიშვილები ყოველთვის იკრიბებოდნენ ხოლმე. ახლა კი ჩვენ, მისი შვილიშვილები ვაგრძელებთ ამ ტრადიციას.

1908 წლის აპრილში, დასავლეთ საქართველოს ეპარქიის დედაქალაქ ქუთაისში, სადაც იმ დროს დუღდა კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრება, გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასმული მღვდელი, სიმონ მჭედლიძე, აარსებს სარწმუნოებრივ- ზნეობრივ საზოგადოებრივ გაზეთს „შინაური საქმეები“, შემდეგ კი – „იმერეთის სარწმუნოებრივ- განმანათლებელ ძმობას“.

ამ გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების დანიშნულება იყო სარწმუნოების აღდგენა და ქრისტიანობის განმტკიცება სასტიკად მოძალებული ათეისტური იდეოლოგიითა და მოძღვრებებით გზააბნეულ ერში. კარგი იქნება ახლა, 21-ე საუკუნის დასაწყისშიც თუ შევისმენთ რწმენისა და ერისათვის თავდადებული და წამებული მოძღვრის შეგონებებს“.

1918 წელს მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ, რომელიც მაშინ  შორაპნის მაზრის საეკლესიო სკოლების ზედამხედველი იყო, დააარსა ლაშის სკოლა. ქუთასის არქივებში მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ სკოლას ლაშე-ღვერკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი ეწოდებოდა. სვიმონ მჭედლიძემ ლაშეში სკოლა საკუთარი სახსრებით ააშენა. მას ამ საქმეში უფროსი შვილები ეხმარებოდნენ. სკოლის მშენებლობაში სოფლის მაცხოვრებლებიც აქტიურად ჩაბმულან. ლაშე-ღვერკის სასულიერო სკოლაში ბავშვები ხუთი ახლომახლო სოფლიდან დადიოდნენ.

მღვდელი სიმონ მჭედლიძე 1924 წლის 28 აგვისტოს ოთხ სასულიერო პირთან ერთად დახვრიტეს. 1994 წელს საეკლესიო კრებაზე ისინი წმინდანებად შერაცხეს და ახალმოწამენი უწოდეს.

ლიკა ხიჯაკაძე