დღეს, 20 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე მეცნიერული მიღწევები და მათი პრაქტიკული დანერგვა მცირე და ნაკლებნაყოფიერ ნიადაგებზე.“

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგემ, პროფესორმა რამაზ გახოკიძემ წარმოადგინა ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი მცენარის ვიტამინი ბიორაგი და ისაუბრა მის სასარგებლო თვისებებზე.

რამაზ გახოკიძემ აღნიშნა, რომ „ბიორაგი არის ახალი თაობის პრეპარატი, რომელიც მცენარეთა რეგულატორული სისტემების მართვის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენებით შესაძლებელია მარცვლოვანი, ბოსტნეული და ტექნიკური კულტურების მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გადიდება. ბიორაგი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი. მისი გამოყენება ფრინველთა და ცხოველთა კვებაში ზრდის მათ წონას, პროდუქტიულობას და დაავადებების მიმართ გამძლეობას,“- აღნიშნა რამაზ გახოკიძემ.

შეხვედრაზე ბიორაგის სასიკეთო მოქმედებაზე ისაუბრეს სწავლულმა აგრონომმა ექსპერტმა ნიადაგმცოდნეობაში ედნარ მიქანაძემ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა. მათ წარმოადგინეს ფოტომასალა ბიორაგის სასიკეთო მოქმედებაზე სხვადასხვა კულტურულ ჯიშებზე.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში გამოიწვევს გლეხის სოფელში დაბრუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების 2015-20 წლების სტრატეგიული მიმართულებების დამუშავების პროექტის ფარგლებში, გამგეობასთან არსებული საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივით.

თამთა გოგოლაძე

 

 konferencia (2) konferencia (4) konferencia (3) konferencia (6) konferencia (7) konferencia (8) konferencia (1)