
103 წელი გავიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან.
უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. მისი მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. ის პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროის მთელ კავკასიაში. დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებულ ადამიანს გაუკვალა გზა.
დამანა მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მისი გზა უნივერსიტეტთან 1957 წლის 17 ივლისს გადაიკვეთა, როდესაც პატარა, გრძელნაწნავებიანმა და თეთრ კაბაში გამოწყობილმა გოგონამ უნივერსიტეტის დიდ და ნათელ შენობაში შეაბიჯა. მისი მომავალი აქ მყოფმა პროფესორებმა განსაზღვრეს.
„ვარლამ თოფურია, მიხეილ ზანდუკელი, ფარნაოზ ერთელეიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, მზექალა შანიძე, – ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ჩემი მომავალი საქმიანობა განსაზღვრეს და დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და არის საქართველოში განათლების ფლაგმანი. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, დღეს მას კვლავ მაღალი ავტორიტეტი აქვს და პოზიციებს არ თმობს. ივანე ჯავახიშვილისა და მისი გუნდისთვის ამ უნივერსიტეტის დაფუძნების მიზანი იყო, რომ იგი საქართველოში განათლების სიმბოლო და ამ კუთხით გზის მაჩვენებელი ყოფილიყო. ვუსურვებ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს, რომ ამ გზას არ გადაუხვიოს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს“, – ამბობს დამანა მელიქიშვილი.
„ძალიან ბედნიერი სტუდენტობა მქონდა. მყავდა საუკეთესო პროფესორები, რომლებმაც ზღვარი გადალახეს და საბჭოთა განათლებას კი არ გვაძლევდნენ, არამედ ეროვნულსა და პატრიოტულს. ცდილობდნენ სამშობლოს სიყვარულით გავეზარდეთ და ჩვენთვის ისტორიის ის თეთრი ლაქებიც გაეხსნათ, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმი საგულდაგულოდ მალავდა“, – ამბობს ხარაგაულის გიმნაზიის პედაგოგი, ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე.
ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1977-1981 წლებში სწავლობდა. აქტიურად მონაწილეობდა 1978 წლის აპრილის მოვლენებში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან. მისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება.
„მახსენდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე პროფესორ ლევან სანიკიძის ნათქვამი, – დღეს ამაზე დიდი ტაძარი საქართველოში არ არსებობსო. თუკი ადამიანად შევდექი, ეს უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვუსურვებ, ისეთ მაღალ დონეებს მიაღწიოს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება აღარ სჭირდებოდეს“.
ნოდარ აბულაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტია. მისთვის ეს სიამაყის გრძნობასთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.
„6 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი ვარ და ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მასთან თანავცხოვრობ. მის შესახებ კარგიც ვიცი და ცუდიც. ხშირად საუბრობენ სასწავლო პროცესის ხარვეზებსა და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ჩემთვის, ესაა „ალმა-მატერი“, ანუ სულიერი მასაზრდოებელი დედა.
მე აქ მივიღე კარგი და ხარისხიანი განათლება, რასაც პრაქტიკულ საქმიანობაშიც ვიყენებ. მომავალ წელს ვაპირებ სწავლა განვაგრძო კვლავ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე, კონკრეტულად კი ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი 1989 წელს მიენიჭა. უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, ამჟამად კი გიორგი შერვაშიძეა.
დღეისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრია, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 7 მუზეუმი. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება