ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლის ყველა მასწავლებლისა და თანამშრომლის ტესტირების პირველი ეტაპი დღეს, 8 თებერვალს, დასრულდა.

ყველა მასწავლებელს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება; თითოეული სკოლის მასწავლებელთა 80%-ს – სწრაფი ტესტით, ხოლო 20%-ს – PCR ტესტირებით. ტესტირება არ ჩაუტარდება სკოლის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსი მხოლოდ ბორის სკოლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები და თავად ინფიცირებული ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ბორის სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.

ამ მომენტისთვის პედაგოგებზე ჩატარებული PCR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია.

ხარაგაულში, ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსი ლაბორატორიულად 508 პირს დაუდასტურდა. მათგან 445 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 – გარდაიცვალა.

ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკებში 6 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 46 პაციენტი სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 35 პირი იმყოფება.

გეგმიური PCR ტესტირება დღეს ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.