
დღეს, 8 თებერვალს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 103 წლის გახდა.
1938 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის თებერვლამდე ამ უნივერსიტეტს დავით ყიფშიძე რექტორობდა. ის წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდიდან იყო.
1925 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის კურსის დასრულების შემდეგ, ის ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში გლეხთა და ახალგაზრდობის სკოლის გამგედ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
დავით ყიფშიძემ კიცხში გაიცნო მომავალი მეუღლე ოლია მაჭავარიანი, რომელიც ლახუნდარის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. წყვილმა ცხოვრება სოფელ წყალაფორეთში დაიწყო. მათ ორი შვილი შეეძინათ. ერთი ქალიშვილი, ნუნუ ყიფშიძე, კიცხის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, ხოლო მეორე – ლემა ყიფშიძე, პედიატრი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხარაგაულში მუშაობდა.
მოგვიანებით დავით ყიფშიძემ მეორე ოჯახი შექმნა. ის ზესტაფონელ პედაგოგ თამარ ზვიადაძეზე დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად სცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში გახდა დავით ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და მას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
დავით ყიფშიძეს 8 შვილიშვილი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი ნინო ძაგანიაა. ის თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე, ბაბუის სახლში ცხოვრობს. სწორედ ამ სახლს ამშვენებს მემორიალური დაფა.
„გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა ძალიან მშვიდი პიროვნება იყო, ყველას ეხმარებოდა, – ამბობს ნინო ძაგანია, – რექტორობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა იაკობ გოგებაშვილის დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადმოსვენების საქმეში და შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორედ მისი დამსახურებაა. ბაბუა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების მკვლევარი იყო. მე დამრჩა მისი ბიბლიოთეკა, მისი ნაქონი ატლასი და სხვადასხვა ნივთები. ასევე მაქვს წიგნი წარწერით, რომელიც ბაბუას უნივერსიტეტმა აჩუქა“.
დავით ყიფშიძეს იხსენებს მისი მეორე შვილიშვილი, ზაზა მესხიც. ამბობს, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.
„მე არ მოვსწრებივარ ბაბუას, მაგრამ დედისგან ვიცი, რომ ის იყო ოჯახის მოსიყვარულე და პრინციპული ადამიანი. ახლო მეგობრობა აკავშირებდა ილია ვეკუასთან, რომელიც ყურადღებას იჩენდა დავითის შვილებისა და შვილიშვილების მიმართ“.
დავით ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის შემდეგ საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1947 წელს კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგედ დაინიშნა და გარდაცვალებამდე შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის კათედრის დოცენტად მუშაობდა.
1947 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია თემაზე „პედაგოგიკის საგანი“, რისთვისაც მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ის სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს პედაგოგიურ პრესაში. მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებზე.
დავით ყიფშიძე 1957 წლის 31 აგვისტოს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის