საფეხბურთო კლუბმა „ჩხერიმელა 2009“ ფუნქციონირება შეწყვიტა.

რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე გუნდს გასული წლის ჩემპიონატში მერვე ადგილზე გასვლის გამო ფეხბურთის განვითარების ფონდმა დაფინანსება შეუწყვიტა.

ეს ფონდი სატურნირო ცხრილის პირველ შვიდეულს აფინანსებს.

წლიური დაფინანსება, 50 ათასი ლარი, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ (გია) ჭიპაშვილის ინფორმაციით, ორი მწვრთნელისა და ერთი ექთნის ხელფასებზე ნაწილდებოდა. გუნდის შენახვის სხვა ხარჯები, კლუბის დარაჯისა და სპორტული მოედნის მომვლელთა ხელფასები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ბიუჯეტიდან იცემოდა.

„რეგიონული ლიგის გუნდების ფეხბურთელები ხელფასს არ იღებენ – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – ეს გუნდის შედეგებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ხარაგაულში, ფაქტობრივად, ფეხბურთელი აღარ გვყავს. ხელფასის გარეშე ვერავის ვიწვეთ. ქუთაისიდან და ზესტაფონიდან რომ ფეხბურთელი მოიყვანო, მინიმალური ანაზღაურება ხომ მაინც უნდა მისცე?!

ჩემპიონატის მსვლელობის დროს პირველ შვიდეულშიც ვიყავით, მაგრამ სხვა გუნდები ჩვენზე მეტად გაძლიერდნენ. ბოლოს გასვლით თამაშებში მონაწილეობისთვის 11 ფეხბურთელს ძლივს ვაგროვებდით“.

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა 1982 წელს ჩამოყალიბდა და 1996 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობდა.

ააიპ „ჩხერიმელა 2009“ ხარაგაულის თვითმმართველობამ 2009 წელს დააფუძნა. წლიდან წლამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება იზრდებოდა. 2009 წელს გუნდმა ფუნქციონირება 8 ათასი ლარით დაიწყო და 2017 წელს 250 ათას ლარამდე გაიზარდა, იცვლებოდა გუნდის ადმინისტრაცია და მწვრთნელები. გუნდი პირველ ლიგაშიც თამაშობდა.

თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ ზედიზედ ორ ანგარიშში მოხვედრის გამო 2016 წლის ნოემბერში „ჩხერიმელა 2009“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და პირველი ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა.

2018 წელს რეორგანიზაციის გამო გუნდი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს დაექვემდებარა. ამავე წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის დებულებაში შესული ცვლილების გამო „ჩხერიმელას“ დაფინანსება 50 ათას ლარამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სასამართლომ გუნდს ორი ყოფილი მწვრთნელის სასარგებლოდ 20 250 ლარის გადახდა დააკისრა.

ჩხერიმელას კაპიტანი თამაზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მისთვის გუნდის დაშლა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა და ამ თემაზე საუბარი უჭირს.

ხარაგაულის საფეხბურთო გუნდის გაუქმების მიზეზად თამაზი ფინანსების სიმცირესთან ერთად მართვის პრობლემებს ხედავს. იმ დროს, როცა გუნდი სოლიდური თანხით ფინანსდებოდა, ხელფასი ყველა ფეხბურთელისთვის თანაბარი არ იყო. ამის შესახებ ის გუნდის ადმინსიტრაციასთანაც საუბრობდა, თუმცა, უშედეგოდ. ფეხბურთელებს არავინ არაფერს გვეკითხებოდაო, – ამბობს თამაზ ჯანიაშვილი.

სხვა ფეხბურთელები და მწვრთნელები გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

საფეხბურთო კლუბის დაფინანსების საკითხი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. ამ დაკსვნაში აღნიშნულია, რომ

„გუნდი 2009-2012 წლებში დაფინანსებულია სუბსიდიის მუხლით 248.2 ათასი ლარის ოდენობით. საფეხბურთო კლუბს თვითმმართველობისთვის ამ წლებში არ წარუდგენია ბიზნესგეგმები. 2009-2011 წლებში დაფინანსება ისე მოითხოვა, რომ არ შეუდგენია და შესაბამისად მუნიციპალიტეტს არ დაუმტკიცებია საშტატო განრიგი. ამ პერიოდში ააიპ-ის თანამშრომლებზე ხელფასების დარიცხვისა და გაცემის საფუძველი არ დგინდება.

2012 წელს საკრებულომ დაამტკიცა კლუბის საშტატო განრიგი 22 შტატით. ყოველ შტატზე მითითებულია გვარი და სახელი, რაც არასწორია, რადგან საშტატო განრიგი მტკიცდება შტატების მიხედვით და არა პიროვნებების მიხედვით. 2012 წელს გაცემული  ხელფასები არ ემთხვევა საშტატო განრიგით განსაზღრულ ოდენობას – მწვრთნელებზე და ტექნიკურ პერსონალზე გაცემულია საშტატო განრიგით დამტკიცებულ ხელფასებზე მეტი, ხოლო ფეხბურთელებზე – ნაკლები.

ბუღალტერია არ აღრიცხავს თანამშრომლების ნამუშევარ დროს აღნიშნულის საფუძველზე ხელფასების დასარიცხად. დარიცხვა და გაცემა მოხდენილია ხელმძღვანელობის ზეპირი შეტყობინებით, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე“.

ათი წლის განმავლობაში შედეგების გაუარესების, ფინანსური დოკუმენტაციის გაუმართაობისა და მენეჯმენტის შეცდომების გამო პასუხი არავის უგია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათ წელიწადში გუნდის დასაფინანსებლად ერთ მილიონ ლარზე მეტი გაიცა:

  • 2009-2012 წლებში – 248 200 ლარი;
  • 2013 წელი – 100 000 ლარი;
  • 2014 წელი – 120 000 ლარი;
  • 2015 წელი – 250 000 ლარი;
  • 2016 წელი – 250 000 ლარი;
  • 2017 წელი – 250 000 ლარი;
  • 2018 წელი – 50 000 ლარი.

„პერიოდულად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ვიკრიბებოდით და გუნდის საქმიანობის შესახებ ვმსჯელობდით, – ამბობს საკრებულოს წევრი ინგა მაღრაძე, – თუმცა ქმედითი, დროული, ადექვატური ნაბიჯები გუნდის მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფინანსების ეფექტურად ხარჯვისთვის არ გადაგვიდგამს. გამოდის, რომ ასი ათასობით ლარი ჩხერიმელას გავატანეთ.“

„გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ხარაგაულის სტადიონზე გამართულ თითქმის ყველა მატჩს ვესწრებოდი, – ამბობს „ჩხერიმელას“ გულშემატკივარი გივი კურტანიძე, – გუნდის მოგებისა და წაგების დროს ბევრი სიხარული და იმედგაცრუება განმიცდია. ჩემი სურვილია, რომ ხარაგაულში ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავდეს. დღეს ფეხბურთი მხოლოდ სპორტული სანახაობა არ არის – ის უკვე ბიზნესია. ამიტომ გუნდს ძლიერი სპონსორი და კარგი ინფრასტრუქტურა სჭირდება“.

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება-გაძლიერებაზე ზრუნავენ. ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები ხარაგაულში, ბორითსა და კიცხში ფუნქციონირებს. ეს გუნდები დასავლეთ საქართველოს პირველობაში სისტემატურად მონაწილეობენ. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ბიუჯეტში მათთვის ინვენტარის, კვების, გასვლით ჩემპიონატებში მონაწილეობის თანხები საკმარისია.

გრიგოლ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალში „ჩხერიმელას“ ფეხზე დაყენება ახლანდელმა ნორჩმა ფეხბურთელებმა უნდა შეძლონ.

ნინო კაპანაძე