
15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
ხომ არ გამოიწვევს სკოლების გახსნა კორონავირუსის შემთხვევათა მატებას, რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ არსებული სიტუაციის შესანარჩუნებლად და როგორ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფექციის ვაქცინაციისთვის მზადება, – ამ შეკითხვებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს მივმართეთ.
„ნებისმიერი დაწესებულების გახსნა მობილობისა, შესაბამისად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატებას გამოიწვევს, თუ პარალელურად რეგულაციებს არ დავიცავთ, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ყოველდღიური ახალი შემთხვევები, ჯერჯერობით, არც თუ ისე ცოტაა. შესაბამისად, არსებობს დაავადებათა კერები. ამ კერიდან ინფექცია გავრცელდება, თუ შემზღუდავ ღონისძიებებსა და რეგულაციებს არ დავიცავთ.
შეზღუდვების ამოქმედებამ კარგი შედეგი მოგვცა. თუ წინა პერიოდში გატესტილი ადამიანების 50%-ს დადებითი შედეგი ჰქონდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5-4%-მდე შემცირდა.
შეზღუდვები გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა, ამის გარეშე ვერ დავიცავდით კაცობრიობის ყველაზე დიდ ღირებულებას – ადამიანების სიცოცხლეს.
შეზღუდვების მოხსნა თანდათანობით დაიწყო. რეგულარულად და ძალიან მკაცრად შემოწმდება ის ორგანიზაციები, რომლებიც გაიხსნება, მათ შორის – სასწავლო დაწესებულებები. გააქტიურდება პირბადეების სწორად გამოყენების კონტროლი და ეს გამკაცრება გამოიხატება დაჯარიმებით – განმეორებითი შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ჯარიმას გამოიწვევს.
ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რომ დაჯარიმების მექანიზმის გამოყენება საჭირო არ გახდეს.
პირბადე უნდა გამოვიყენოთ როგორც ღია სივრცეში, ასევე შენობებში. ადამიანები ზოგჯერ ამბობენ, რომ სამუშაო დროს მხოლოდ თანამშრომლებთან ერთად ვატარებთ და რა უჭირს, თუ პირბადეს არ გამოვიყენებთო. ეს არასწორი მიდგომაა. თანამშრომლების გარდა სხვა ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ვურთიერთობთ. პირბადის გარეშე ყოფნა შეიძლება მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც სრულიად მარტო ვართ.
ვაქცინაციის ჩასატარებლად ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა მზადაა. პერსონალი შერჩეულია და მომდევნო კვირიდან მათი გადამზადება დაიწყება. ვაქცინის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, მედპერსონალის აცრას დავიწყებთ.
პირველ ეტაპზე იმერეთში, აჭარასა და თბილისში ათი სამედიცინო დაწესებულება შეირჩა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება.
მე კორონავირუსი გადავიტანე და ამჟამად აცრას არ ვექვემდებარები. ამის მიუხედავად, ოთხი თვის შემდეგ ვაქცინაციას აუცილებლად ჩავიტარებ.
ყველას, ვინც ვაქცინაციას ექვემდებარება, აცრისკენ მოვუწოდებ. ამით ჩვენ შეგვიძლია, რომ კოვიდ-19 საბოლოოდ დავამარცხოთ.
ნუ დაუჯერებეთ, ნუ მოისმენთ იმ ინფორმაციებს, რასაც ანტივაქსერები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით, გადაამოწმეთ, კრიტიკულად შეაფასეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელეთ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები, განსაკუთრებული ყურადღება სველი წერილების დეზინფექციას უნდა მიექცეს.
ყველა პედაგოგი დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ასისტენტი უნდა გახდეს. ვთხოვ მასწავლებლებს, მოსწავლეებთან ყველა გაკვეთილი პირბადის გაკეთებისა და ხელების დეზინფექციისკენ მოწოდებით დაიწყონ.
რეკომენდაციების დაცვით შემოდგომაზე საქართველო კოვიდისაგან თავისუფალი ქვეყანა გახდება“.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება